ტვირთმფლობელებმა ალტერნატიული მარშრუტების მოძიება დაიწყეს, რაც საქართველოს გავლით ტვირთების კლებაში აისახა - ამის შესახებ საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციაში აცხადებენ.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, სწორედ ამ გარემოებითაა გამოწვეული, რომ ტრაილერების გატარებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი უკვე მესამე წელია მცირდება.
ირაკლი ნემსაძის თქმით, საქართველოს სატრანზიტო დერეფანში კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება როგორიცაა მაგალითად, არასაკმარისი გამტარუნარიანობა საბაჟო პუნქტებზე და გაზრდილი ბიუროკრატია. მისი თქმით, ინფორმაციით, გადამზიდავების ნაწილი რუსეთის დერეფანს უბრუნდება, რისი მიზეზიც საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის გამოწვევებია, როგორც სიძვირის, ასევე გადაზიდვის მაღალი დროის თვალსაზრისით.
“სტატისტიკური მაჩვენებლები აღწერს რეალობას. რეალობა კი მდგომარეობს შემდეგში - ტვირთების პანიკური გადმომისამართების ეიფორიული პერიოდიდან, რომელიც დადგა საქართველოს მარშრუტის გავლით უკრაინა-რუსეთის ომის გამო, თანდათან ეს პროცესი გაიფილტრა. ალტერნატიული გზების მოძიება დაიწყეს აღნიშნულმა ტვირთმფლობელებმა, რაც შესაბამისად აისახა საქართველოს გავლით ტვირთების კლებაში.
ჩვენ გაკვირვებული არ ვართ ამ შედეგებით. სამწუხაროდ, სამი წლის წინ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ, რომ საქართველოს ეს შესაძლებლობის ფანჯარა განუსაზღვრელი დროით არ ექნებოდა ღია და ჩვენ დროულად უნდა გამოგვეყენებინა შესაძლებლობა, რომ ეს მოულოდნელი ტვირთების ნაკადი შევაჩვიოთ ამ მარშრუტს და ვიქცეთ სტაბილურ პარტნიორად, რომელიც მისაღები იქნებოდა ამ ტვირთმფლობელებისთვის.
ძალიან მაჟორულ ნოტაზე დავიწყეთ ამ პროცესისთვის მზადება, ბევრი შეხვედრა, ბევრი საუბარი, გეგმები, პროგნოზები, მაგრამ სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ფეხი ვერ ავუწყვეთ მოთხოვნას და შესაბამისად, ვიღებთ ამ შედეგს. პირველივე წელს, როგორც კი სტაგნაცია იყო, არა თუ კლება, არამედ შედეგი განმეორდა, მაშინვე განგაშის ზარი შემოვკარით, რომ ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ მოსალოდნელია კლება და სამწუხაროდ, ეს ჩვენი პროგნოზი გამართლდა ამ შემთხვევაში.
რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი? ისევ და ისევ გავიმეორებ მრავალჯერ ნათქვამს, რა უნდა გაგვეკეთებინა და სად ვართ, რა გვაქვს გაკეთებული. პირველ რიგში, თუ გვინდა ამ ტვირთების ზრდა ჩვენი ტრანზიტის გავლით, ჩვენ შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა დავახვედროთ. რომელიც გულისხმობს პორტებს, ტერმინალებს, რკინიგზის ხაზებს და არა მხოლოდ ამას, არამედ მათ მომიჯნავე ინფრასტრუქტურულ მეურნეობებსაც. ამის გარდა, ჩვენი საბაჟო გამშვები პუნქტები გაცილებით მეტი სიმძლავრეებით უნდა მუშაობდნენ და ატარებდნენ ტვირთებს. ნამდვილად არ გვაქვს ის მაჩვენებლები, რომელსაც ვისურვებდით და ამ მიმართულებით გასაუმჯობესებელია საქმიანობა.
უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მარტივი ჩვენთან ტრანზიტი. არ უნდა გვქონდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც ტრანზიტული ავტომანქანა დათვალიერების ან სხვადასხვა დოკუმენტალური შეუსაბამობის ან გადამოწმების მიზნით კვირებს და თვეებს ატარებს საქართველოს საბაჟო ტერმინალებში ისე, რომ ხშირად ტვირთმფლობელი ვერც კი იღებს პასუხს იმისას, თუ როდის დასრულდება აღნიშნული ტიპის შემოწმება ან რით დასრულდება. ასეთი ბიუროკრატიული დაბრკოლებები თავის მხრივ კორუფციულ რისკებსაც აჩენს და ჩვენ, სამწუხაროდ, შევეჩვიეთ იმას, რომ გახშირდა შეტყობინებები ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან, რომ უკვე საქართველოში ასეთი შემთხვევები მრავლად დაფიქსირდა.
მოგეხსენებათ, ჩვენი მარშრუტის, შუა დერეფნის ალტერნატიული გზა ამ დროისთვის ორი ძირითადია: ჩრდილოეთის მარშრუტი რუსეთის გავლით და სამხრეთის მარშრუტი საზღვაო ხაზის გავლით. პირველ რიგში, სამხრეთის მიმართულებით სიტუაცია დასტაბილურდა და იქ საზღვაო გადაზიდვები უფრო მდგრადი გახდა და ძირითადი ნაწილი ტვირთებისა აქეთ გადაერთო.
თუმცა, ჩვენ ვამჩნევთ, რომ ტვირთების ნაწილი ჩრდილოეთის მარშრუტსაც უბრუნდება. ანუ, ის ტვირთმფლობელები, რომლებიც მანამდე, მაგალითად, რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტს განიხილავდნენ შეუძლებლად ან მაღალრისკიანად, თანდათან შეეჩვივნენ ამ მდგომარეობას და დაიწყეს აღნიშნული მარშრუტის გამოყენებაც. ეს ეხება თურქულ პორტებში მიღებულ ტვირთებსაც, რომლებიც პირდაპირ რუსულ პორტებში გადაიზიდება საზღვაო ხაზით საქართველოს გვერდის ავლით, ხოლო შემდეგ უკვე სახმელეთო გზით მიემართება შუა აზიის მიმართულებით. ეს ეხება იმ ტვირთებს, რომელთა ტრანზიტი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არასანქცირებულად ითვლება რუსეთის ტერიტორიის გამოყენებით.
ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე, ტვირთმფლობელები იძულებულნი გახდნენ დაუბრუნდნენ ამ გზებს, იმიტომ რომ შუა დერეფანმა ვერ აჩვენა ის მაჩვენებლები, როგორც ფისკალური თვალსაზრისით, ისე მიწოდების დროის თვალსაზრისით, რომ ეს ტვირთები დარჩენილიყო ჩვენს მარშრუტზე”, - განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.
ცნობისთვის, ტრაილერების გატარებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი მესამე წელია მცირდება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ წელს ბიუჯეტში გზათსარგებლობის გადასახადიდან 171.2 მლნ ლარის მობილიზება მოხდა, რაც წლიურად 8.1 მლნ-ით ანუ 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გზების სარგებლობისთვის ტრაილერების გადახდილი თანხა რეკორდული 2023 წელს, შემდეგ კი კლების ტენდენცია აქვს.




























