უცხოელი ავტოდილერების გაკონტროლება და მათი დაჯარიმება დაიწყო - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, გადასახადებისთვის თავის არიდების გამო შემოსავლების სამსახურმა რამდენიმე ათეული არარეზიდენტი პირი უკვე დააჯარიმა.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ამ მიმართულებით კონტროლის დაწყება მნიშვნელოვანია, რადგან ბაზარზე კვლავ ის ვითარებაა, როდესაც არარეზიდენტი ავტოდილერები არაკონკურენტულ გარემოში აყენებენ ადგილობრივ დილერებს.
ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით კონტროლის პროცესი უნდა გაგრძელდეს.
“საქართველოში ავტობიზნესით ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული და ბევრი ოჯახის შემოსავლის წყაროა, რამაც ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ოჯახებში მნიშვნელოვნად იკლო. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოწვეული იყო სწორედ იმით, რომ არარეზიდენტმა პირებმა, შუამავლებმა პანდემიის შემდეგ უკვე აქ გადმოინაცვლეს, თავი დაიმკვიდრეს [საქართველოში] და ახლა დიდ კონკურენციას უწევენ ქართველ დილერებს. შესაბამისად, დამატებითი ღირებულება, რაც [საქართველოში] იქმნებოდა, ახლა აღარ იქმნება და ძირითადად მოგების სახით მაინც სულ უცხოელ დილერებს გააქვთ.
გაზრდილია რეექსპორტი, გაზრდილია იმპორტიც, ისტორიულ მაქსიმუმზეა, მაგრამ შედეგად იმას ვიღებთ, რომ მდიდრდება უცხო ქვეყნის მოქალაქე, ქართულ ოჯახებს მაქსიმალურად აკლდება [შემოსავალი]. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ამ ეტაპზე ავტობაზარზე.
შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ქმედითი ნაბიჯი ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ახლა გადაიდგა, შემოსავლების სამსახურის ახალ ხელმძღვანელობას რომ შევხვდით, გადაწყვიტეს, რომ ადმინისტრირება გაეზარდათ. რამდენიმე ათეული არარეზიდენტი პირი არის დაჯარიმებული სოლიდური თანხებით. ის პირები არიან დაჯარიმებულები, რომლებიც ბიზნეს სუბიექტები არიან, ეწევიან ბიზნეს საქმიანობას, მაგრამ არაფერს არ იხდიან და დარღვევით ფუნქციონირებენ, თავს არიდებენ გადასახადებს.
ჯერჯერობით ეს პროცესი მიმდინარეობს და შედეგებზე ალბათ ნაადრევია საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი კარგია. შეიძლება ითქვას, რომ გასაკეთებელი ბევრია. სისტემური ხასიათი უნდა მიიღოს ამ პროცესმა”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.




























