“ოცნების” დეპუტატებს თვეში 1 მლნ ლარზე მეტის ხელფასს ვუხდით. აღსანიშნავია, რომ მათი შრომითი ანაზღაურება 2025 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა.
“„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბიუჯეტიდან იღებს კოლოსალურ თანხებს. მათი დეპუტატების ხელფასები 2025 წლის იანვრიდან გაორმაგდა, რიგითი პარლამენტარის დარიცხული ხელფასი 11,500 ლარს შეადგენს, ხოლო 89-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა მხოლოდ იანვარ-თებერვალში ბიუჯეტიდან 2.3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო ხელფასების სახით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საშუალო პენსია 360-400 ლარია”, - აცხადებს “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი.
ცნობისთვის, 2025 წლიდან პარლამენტში ხელფასები ასე განისაზღვრება:
- პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 7 256 ლარით და განესაზღვრება 11 680 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 7 860 ლარით და გახდება 14 600 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 7 032 ლარით და გახდება 13 432 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 6 800 ლარით და გახდება 13 140 ლარი;
- კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 7 016 ლარით და გახდება 12 556 ლარი;
- კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 12,118 ლარი;
შესაბამისად, გამოდის, რომ შალვა პაპუაშვილს 14 600 ლარს ვუხდით ყოველთვიურად, მის პირველ მოადგილეს გიორგი ვოლსკის - 13 432 ლარს, ხოლო მოადგილეებს, რომელთა რაოდენობა ჯამში ექვსია - 13 140 ლარს თითოეულს. გარდა ამისა, პარლამენტში 16 კომიტეტი და ერთ ფრაქციაა. მათ თავმჯდომარეებს 12 556 ლარს, ხოლო კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეებს 12,118 ლარს ვუხდით.
აღსანიშნავია, რომ 150-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ “ქართული ოცნების” 89 დეპუტატია, ვინაიდან 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ცესკო-ს შედეგებს საზოგადოების წევრებთან ერთად, არ აღიარებს ოპოზიცია.
მიმდინარე თვის დასაწყისში, “ოცნებამ” სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების - „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ენმ – ერთიანობის“ 49 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც არჩევნების შედეგები არ აღიარეს და მანდატის შეწყვეტა მოითხოვეს. მათ მიმართვები ნოემბერში შეიტანეს, თუმცა „ოცნებამ“ საშემოდგომო სესია ისე დახურა, ეს საკითხი არ განუხილავს. მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავს "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრებს, რომლებმაც ცესკოს შედეგების მიხედვით, 12 მანდატი მიიღეს. თუმცა ისინიც არ არიან ერთპარტიული პარლამენტის საქმიანობაში ჩართული და როგორც თავად აცხადებენ, არც ანაზღაურებას იღებენ.




























