ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საწვავის ფასის დაწევის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან საწვავის იმპორტისას დაწესებული გადასახადების გაუქმება, საქონლის ღირებულების შემცირების მიზნით, ადეკვატურ ზომას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საწვავის კიდევ უფრო გაძვირებს შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ფასების შენარჩუნებისთვის სადაზღვევო მექანიზმების შემუშავებას შეეხებოდა. ცნობისთვის, აღნიშნული მექანიზმების შემუშავებაზე განცხადება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.
დავითაშვილის განმარტებით, გადასახადების გაუქმებით ქვეყანაში არსებული ფისკალური პოლიტიკა დაირღვევა.
„დაზღვევის მექანიზმებზე მსჯელობა მთავრობაში მიმდინარეობს. აქ შეიძლება სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია იყოს. ის მოთხოვნა, რაც შეეხებოდა გადასახადების გაუქმება, ვფიქრობთ, არ არის შესაბამისი და ადეკვატური ზომა. ჩვენ დავაკვირდებით მდგომარეობას, ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, იმისთვის რომ ფისკალური დისციპლინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა არ დაირღვეს და არ ჰქონდა ამას ძალიან ნეგატიური გრძელვადიანი პრეცენდენტული სახე და ზოგადად ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ამან იმოქმედოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.




























