მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადასახადის გადამხდელთა კავშირი კარლ ჰარცელს EU-ში კანდიდატად მიღების პროცესში მხარდაჭერას სთხოვს

629701a13a4cf
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.22 10:08
896
გადასახადის გადამხდელთა კავშირმა, ბიზნესსაზოგადოების სახელით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მხარდაჭერის თხოვნის წერილით მიმართა. BM.GE გადასახადის გადამხდელთა კავშირის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონ კარლ ჰარცელს, მოგმართავთ საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირისა და ბიზნეს საზოგადოების სახელით.

დღეს, საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ და კრიტიკულ მომენტში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა შეუერთდეს და ღირსეულად დამკვიდრდეს ევროპულ ოჯახში.

ჩვენი ქვეყანა, მისი ხალხი საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიისწრაფოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციისკენ. ეს იყო და დღესაც არის ჩვენი ერის ისტორიული, უალტერნატივო არჩევანი, ის ყოველთვის ცდილობდა შეერთებოდა ღირებულებებისა და ფასეულობების იმ სისტემას, რომელზეც დაფუძნებულია ევროპული ცივილიზაცია. ამ იდეისთვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი გზაზე, საქართველომ, როგორც უძველესმა ქრისტიანულმა ქვეყანამ, უდიდესი მსხვერპლი გაიღო და დღემდე უწევს ურთულეს საგარეო თუ საშინაო გამოწვევებთან გამკლავება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და ნატოს შორის ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მიმართულებით გადაიდგა თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, უმნიშვნელოვანესი შეთანხმებები პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კულტურულ-სოციალურ საკითხებში.

ჩვენ, როგორც გადასახადის გადამხდელები, ქართული ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლები, განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლის იმპლემენტაციაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე წარმოვადგინოთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია და ეტაპობრივად მივაღწიოთ სრულფასოვან ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში. ეს კი, ცხადია ერთადერთი გზაა ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციისა და მისი მდგრადი, შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

გიზიარებთ ჩვენს თხოვნას, რათა თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გადადგათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების დასაჩქარებლად ყველა აუცილებელი ნაბიჯი. ეს ასევე გულისხმობს ევროკავშირის ფარგლებში არსებულ და მის მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში საქართველოს მუდმივ ჩართულობას, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს მაქსიმალურ ინტეგრაციას.

მიგვაჩნია, რომ მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, სწორედ ახლა დგას გარდამტეხი მომენტი, როდესაც აუცილებლად უნდა იქნას მიღებული ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, თავისი ისტორიით, კულტურითა და მსოფლმხედველობით. ახლა ევროკავშირის მხრიდან მოქმედების დროა“, - ნათქვამია წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები