თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუა ამბობს, რომ მან გადაწყვეტილება საქართველოს სახელით მიიღო და ეს ყველაფერი იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გააკეთა, რომელიც სასამართლო სხდომის დარბაზში გამოიკვლია.
მისი მოსაზრებით, ყველა საღი აზრის მქონე ადამიანი, როდესაც ფაქტებს გააანალიზებს და ნახავს, იტყვის რომ მან კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე მიიჩნევს, რომ ვერავითარი ძალა, ცილისწამება ვერ გააუფასურებს იმას, რომ საქართველოში მართლმსაჯულებამ, სიმართლემ და სამართალმა იზეიმოს.
"არანაირი ზეწოლა, ამის მცდელობაც არ ყოფილა, ბევრი მეკითხება ამას, ოჯახის წევრებიც, შეშინებულები მირეკავენ- ხომ მშვიდობაა. ყველას ერთი და იმავეს ვეუბნები - არაფერი საშიში არ ხდება, აქ ხდება ერთი რამ, სასამართლომ ჩვეულებრივად, კანონიერად, განხილული საქმის შემდეგ დააყენა კონკრეტული შედეგი. ეს შედეგი ვისთვის მოსაწონია და ვისთვის არა, რომელი პოლიტიკოსი როგორ შეაფასებს, ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის უმნიშვნელოა. მე მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის. ის რომ, აქ რამე საფრთხეებზე ვისაუბროთ, ჯერჯერობით, მომავალში ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამის მოლოდინიც არ მაქვს, რადგან მე ვიცი, რომ ყველა საღი აზრის მქონე ადამიანი, როცა ამას კარგად შეხედავს, გააანალიზებს, შეუძლებელია თქვას, რომ მე მივიღე უკანონო გადაწყვეტილება, ან ვინმემ იმოქმედა ჩემზე. მე ვიცოდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება რომელიმე მხარისთვის იქნებოდა მიუღებელი და ამას მოჰყვებოდა არასასიამოვნო ქმედებები, მინდა ყველას ვუთხრა, ვერავითარი ძალა, ცილისწამებები ვერ გააუფასურებს იმას, რომ მართლმსაჯულებამ, სიმართლემ, კანონმა და სამართალმა უნდა იზეიმოს ამ ქვეყანაში. ის ფუნდამენტური უფლება, რაც გვაქვს - გამოვხატოთ ჩვენი უფლება არჩევნებზე. არავის არასდროს თავში აზრადაც არ უნდა მოუვიდეს, რომ ამაზე რაიმე მანიპულაცია გააკეთოს. მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება საქართველოს სახელით, ჩემი სამოსამართლეო ფიცის, სინდისის, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც მხარეებთან ერთად სასამართლო სხდომის დარბაზში გამოვიკვლიე და შევაფასე. ერთადერთი საკითხი, რომელიც იდგა ჩემ წინ, ეს იყო საქმის სწორად გადაწყვეტის ამოცანა. 2000 წლიდან ვარ სასამართლო დარბაზებში როგორც მხარე, როგორც მოსამართლე და ჩემთვის არ იყო რთული იმ მექანიზმების მოფიქრება და შემუშავება, რომ არ დამეშვა რაიმე შეცდომა და მიმეღო ობიექტური გადაწყვეტილება. ეს საქმე, თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდია, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის რეზონანსულობა მედიაში გაშუქებამ გამოიწვია. მინდა, გითხრათ, რომ წინა შემთხვევებშიც, არანაკლებ მნიშვნელოვან საარჩევნო დავებზე მაქვს გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ხუჭუამ "TV Pirveli"-ს ეთერში, გადაცემა "რეაქციაში".
ცნობისთვის: თეთრიწყაროს რაიონულმა მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ გუშინ, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში 30 ელექტრონული საარჩევნო უბნის შედეგები ხმის ფარულობის წესის დარღვევის გამო გააბათილა.
სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნოდა, რომელიც კიდევ 23 უბანზე დაობდა ანალოგიური მიზეზის გამო უბნების გაბათილებისთვის. თუმცა, ოცდაოთხიდან ვლადიმერ ხუჭუა ერთადერთი მოსამართლე აღმოჩნდა, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა.
ახლა, საია დავას სააპელაციო სასამართლოში განაგრძობს.