თეთრიწყაროს რაიონულმა მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დღეს, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში 30 ელექტრონული საარჩევნო უბნის შედეგები ხმის ფარულობის წესის დარღვევის გამო გააბათილა.
სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნოდა, რომელიც კიდევ 23 უბანზე დაობდა ანალოგიური მიზეზის გამო უბნების გაბათილებისთვის. თუმცა, ოცდაოთხიდან ვლადიმერ ხუჭუა ერთადერთი მოსამართლე აღმოჩნდა, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა.
ახლა, საია დავას სააპელაციო სასამართლოში განაგრძობს.
მოსამართლე ხუჭუა 1976 წლის 7 ნოემბერს ქობულეთში დაიბადა. დაამთავრა სამტრედიის საშუალო სკოლა.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ “იბერიასა” და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
- 1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.
- 1998-2002 წლებში ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას;
- 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურისტის თანამდებობაზე და იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტის თანამდებობაზე;
- 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებული წარმოების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;
- 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;
- 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
- 2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
- 2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
- 2012 წლის მაისიდან ივნისამდე იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
- 2012 წლის ივნისიდან ნოემბრამდე იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება;
- 2012 წლის ნოემბრიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული აქვს თავმჯდომარის უფლებამოსილება;
- 2017-2021 წლებში იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;
- მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება;
- 2006 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით;
- 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში.
2024 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლეს ჰყავს მეუღლე ელზა გურგენიძე. მოსამართლის რანგში, 2023 წელს ხუჭუამ ხელფასის სახით 91 072 ლარი მიიღო.
მოსამართლის მეუღლე მწერალია, რომელიც 2023 წელს ლიტერატურული პრემია საბას ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა რომანისთვის "ზაოდი". ნომინაციაში - საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.