ჩვენ ადამიანები არა მათი შესაძლო ნათესაური თუ პარტიული კავშირების გამო უნდა შევაფასოთ, არამედ კონკრეტული ქმედებებით, მათი საქმიანობით, ფუნქციების განხორციელებით, - ამის შესახებ სადამკვირვებლო კომისიის შერჩევის პროცესების შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "ანალიტიკა" ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ინსტიტუციაში ეთიკის კოდექსი ფუნქციონირებს, თუმცა სადამკვირვებლო ორგანოს ინიციატივით სტანდარტები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კუთხით აამაღლეს.
"მრავალი წელია ინსტიტუციაში ეთიკის კოდექსი არსებობს, მაგრამ ჩვენი ინიციატივით პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სტანდარტი ავამაღლეთ. თუ იქნება არაკეთილსინდისიერების, რეგლამენტის და ეთიკის კოდექსის დარღვევა და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, მერწმუნეთ, რომ არცერთ კანონდამრღვევის შემთხვევაზე თვალი არ იქნება დახუჭული.
იმიტომ, რომ ყველა იზოლირებული თუ ერთეული შემთხვევა არის ზუსტად ის, რამაც შესაძლებელია ინსტიტუციის საქმიანობა დააზიანოს. ეს იქნება ცესკოს დონეზე, თუ საოლქოს დონეზე, ყველა სათანადო რეაქცია კანონის შესაბამისად იქნება განხორციელებული",- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ და დასძინა, რომ დღეის მდგომარეობით, შერჩეული პირების მიმართულებით არცერთი განცხადება, საჩივარი ინსტიტუციაში არ არის წარმოდგენილი.