საარჩევნო პერიოდში ამა თუ იმ მისამართზე მოქალაქეების მიწერის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ თემაზე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კანონმდებელი ითვალისწინებს უმისამართოდ დარჩენილი პირების ინტერესებს და სწორედ ასეთი პირების მიწერა ხდება ამა თუ იმ მისამართზე და ამას მხოლოდ საარჩევნო მიზნით აკეთებს.
მისივე თქმით, 8 ოქტომბრის ჩათვლით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი და ოჯახის წევრები გადაამოწმოს. კანონი უმისამართო ან რეგისტრაციიდან მოხსნილ პირს საშუალებას აძლევს, რომ 5 ოქტომბრის ჩათვლით, ასეთმა მოქალაქეებმა სერვისების სააგენტოს მიმართონ და ფაქტობრივ მისამართზე დარეგისტრირდნენ.
„რაც შეეხება მიწერილ ადამიანებს, ასეთი შემთხვევები შეიძლება იყო. შესაძლოა რაიმე ხარვეზიც იყოს. თუმცა, 5 ოქტომბრამდე, კანონი უმისამართოდ დარჩენილ ან რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ სერვისების სააგენტოში გამოცხადდნენ, ფაქტობრივ მისამართზე დარეგისტრირდნენ და არჩევნებში მონაწილეობის უფლება ამ ფაქტობრივი მისამართიდან ისარგებლონ.
კანონმდებელი ითვალისწინებს უმისამართოდ დარჩენილი პირების ინტერესებს და მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის აკეთებს ამ მიწერებს. ეს არ ნიშნავს, იურიდიულ ჩაწერას მისამართზე ან რაიმე ვალდებულებების წარმოშვას. ეს არის მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება“,- აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე.
ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.