საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე საქართველოში ავტოპარკის განახლების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაგეგმილი რეგულაციები, მიუხედავად მათი სენსიტიურობისა, ქვეყნის ეკოლოგიური და ურბანული მდგომარეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
დეპუტატის განმარტებით, არსებული მდგომარეობა პირდაპირ აისახება ქალაქის ეკოლოგიაზე, რაც რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.
წაქაძე აღიარებს, რომ ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები მოსახლეობის ნაწილისთვის მტკივნეულია, თუმცა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა პირებმა რეიტინგების ნაცვლად, სახელმწიფო ინტერესებით უნდა იხელმძღვანელონ.
საქმე ის არის, რომ დღეს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს.
„ავტოპარკი უნდა განახლდეს. წარმოუდგენელია სხვანაირად, იმიტომ, რომ ეს ძალიან მკაცრად ურტყამს ეკოლოგიასაც, ქალაქსაც, ყველას ურტყამს... მესმის, რომ მტკივნეულია, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, თორემ ასე ქვეყანა უკვე ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. მესმის, რომ ეს მოსახლეობისათვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია და მე მას მხარს ვუჭერ.
ყველა წინადადება, რომელიც ასეთი მტკივნეულია, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. რა გავაკეთოთ... ამიტომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღო და არა ის, თუ რა უნდა ბეჟანს, პეტრესა თუ პავლეს. მე ასე ვფიქრობ, ასე ვაზროვნებ და გადაწყვეტილებასაც ასე მივიღებ. მესმის ჩემი კოლეგის ნათქვამი, იმიტომ, რომ ეს მოსახლეობიდანაც მოდის, მეც ბევრი მირეკავს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც შემიძლია, ისე ვუხსნი მათ: მესმის, რომ ასეა, მაგრამ მათი წინადადება მისაღები არ არის. ვიღაცამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და არ უნდა უყურო იმას, თუ ვისზე იმოქმედებს ეს. ბეჟანის რეიტინგზე თუ პავლეს რეიტინგზე, თორემ მაშინ ქვეყნისათვის ვერაფერს გააკეთებ.
ახლა დეტალებს კიდევ გავივლით და შევაჯერებთ, მაგრამ აქ ასეა. პირველი აპრილი ყველაფერს არ კეტავს. შეიძლება პიროვნებას მანქანა უკვე ნაყიდი აქვს, შეიძლება გზაშია, შეიძლება აუქციონზეა გამარჯვებული და ჯერ არ ჩამოსულა, შეიძლება ექვსი თვის შემდეგ ჩამოვიდეს, შეიძლება წლის შემდეგაც, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. იქ უნდა იყოს ფიქსატორი, რომ აპრილის შემდეგ ეს აღარ შეიძლება, მაგრამ იმას, რაც უკვე დაწყებული პროცესია, ეს კანონი არ ზღუდავს" - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
დეპუტატის მტკიცებით, მნიშვნელობა არ აქვს დაწყებულია თუ არა ტრანსპორტირება. მისივე თქმით, პროცესი თუ დაწყებულია, "გაფორმება ჩვეულებრივ მოხდება".
"შეიძლება ტრანსპორტირება ჯერ არც იყოს დაწყებული მე, მაგალითად, გავედი და აუქციონზე შევიძინე მანქანა, ხომ? აუქციონით ჯერ არ მიმიღია, გუშინ შევიძინე, დავუშვათ, ან ამ კანონის მიღებამდე. ამის შემდეგ ველოდები, მივიღებ მას და პრობლემა არ იქნება: წარვადგენ დოკუმენტაციას, რომ აუქციონი ამა და ამ დროს მოვიგე, შევიძინე ეს მანქანა, გადავიხადე თანხა. ამ დოკუმენტაციას წარმოვადგენ და გაფორმება ჩვეულებრივად მოხდება“, - განაცხადა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ.
არადა, დადგენილებაში წერია , რომ "საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე, რაც დგინდება შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი ზედნადების (საავტომობილო ტრანსპორტის შემთხვევაში − ავტომობილით საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ზედნადების (CMR)/გადამზიდავის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტის საშუალებით, რომლითაც დასტურდება ავტომობილის/ტვირთის გადასაზიდად მიღება/ჩატვირთვა 2026 წლის 1 აპრილამდე და შეიცავს ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერს ან/და ავტომობილის თაობაზე სხვა მონაცემს, რომლის მეშვეობით შესაძლებელი ხდება გადამზიდავის მიერ გადასაზიდად მიღებული/ჩატვირთული ავტომობილის იდენტიფიკაცია და თუ ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2026 წლის 1 ივლისამდე;". დადგენილებაში საუბარი არ არის აუქციონზე, ან სხვა პროცედურაზე. ბოლო ვადად 1 ივლისია განსაზღვრული და შესაბამისად, რამდენიმე დამატებითი წელი ან დამატებითი თვე ამ ეტაპზე ავტომფლობელებს ვერ ექნებათ მანქანის საქართველოში შემოყვანისთვის.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. გადაწყვეტილებას სექტორი აპროტესტებს. საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების გროვდება.




























