მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადაწყვეტილება ნაჩქარევია და ვენახის გაშენების წესში ბევრი შეცდომა იქნება - გიორგი სამანიშვილი

ვენახი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი სამეწარმეო ვენახებისთვის ნებართვის შემოღების საკითხს აფასებს და აღნიშნავს, რომ ხედავს რისკებს, თუ რა შეიძლება იყოს კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ვენახის გაშენების მსურველი თანხმობას ან უარს მიიღებს.

საკითხზე მან "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევია და ვენახის გაშენების წესში ბევრი შეცდომა იქნება. ის იმედოვნებს, რომ წესში, რომელიც მომზადდება, მინიმალური მოთხოვნები ჩაიწერება, რათა სექტორი არ დაზარალდეს.

"ნებართვაზე რასაც მოვუსმინეთ, ყველგან არის დაშვებები, რაღაც ვარაუდები, წინასწარი სპეკულაციებიც კი გამოდის, რა იქნება ჩაწერილი იმ ვთქვათ წესში, რომელსაც გამოსცემს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გავიგებთ, როგორ მოხდება ნებართვის გაცემა ვენახის გაშენებაზე. დღეს ისე ხდება, რომ თუ გაქვს მიწის ნაკვეთი, სავენახე ნაკვეთი, დაამუშავებ, მოამზადებ, იყიდი ნერგს, ჩაყრი, შეგიძლია ანალიზები გააკეთო, არ გააკეთო და ასე შემდეგ და ანუ ყველა მევენახე ვალდებულია გააკეთოს დეკლარაცია ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომ გააშენა ვენახი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ ამ ყურძნის ვერც ყურძნად გაყიდვას, ვერც ღვინოდ გაყიდვას. ანუ სავალდებულო დეკლარაცია უკვე არსებობს. რაც ემატება, არის ჯერ ნებართვის გაცემა და დეკლარაცია ისევ რჩება სავალდებულო. ანუ უბრალოდ შემოვიდა ნებართვა, გაქვს თუ არა უფლება გააშენო ვენახი. ეს კანონპროექტი წაკითხული მაქვს, ყველა ინტერვიუ მაქვს მოსმენილი და არსად მინიშნებაც კი არ ყოფილა, რა შეიძლება იყოს ობიექტური საფუძველი, რომ უარი მითხრან ვენახის გაშენებაზე. ვხედავ რისკს, რომ თუ ჩაწერენ სერტიფიცირებულ ნერგს, ეს პრობლემებს შეუქმნის მევენახეობის კულტურას, ბევრი ჯიში გადაშენდება, რადგან უბრალოდ მზად არ ვართ. მგონია, რომ ჯერ ამიტომ არაფერს არ ამბობენ სერტიფიცირებულ ნერგზე. ევროკავშირს ახსენებენ ხოლმე ხშირად, არანაირი მოთხოვნა ევროკავშირისგან, რომ ჩვენ ნებართვა შემოვიღოთ არ არსებობს. ევროკავშირში არის არა ნებართვა, არამედ აკრძალულია ახალი ვენახის გაშენება. ეს გადაწყვეტილება ჭარბწარმოების გამო მიიღეს. არ მგონია, რომ ჩვენს შემთხვევაში აკრძალვაზე იყოს ლაპარაკი. გაურკვევლობაა, დარწმუნებული ვარ დღესაც სამინისტროში ღვინის სააგენტო და ზოგიერთი ჩინოვნიკი კამათობს ალბათ იმაზე, რა ჩაიწეროს ამ წესში და ამიტომ არაა ჯერ გამოტანილი ინფორმაცია",- ამბობს გიორგი სამანიშვილი.

ის დასძენს, რომ რისკები არსებობს ასევე იმ მიმართულებით, რომ იყოს სუბიექტური გადაწყვეტილებები და ასევე, შემდეგ ეტაპზე უკვე ნებართვა ფასიანი გახდეს.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, კომერციული მიზნებით ახალი ვენახის გაშენებისთვის სუბიექტმა ნებართვა ღვინის ეროვნული სააგენტოსგან უნდა მიიღოს. რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტო, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც იქნება. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, რომ ვენახის გაშენებაზე ნებართვა მიიღოს, ამას კანონპროექტი არ განსაზღვრავს. ვენახის გაშენებაზე ახალი წესები სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. 1 მაისამდე დავით სონღულაშვილმა უნდა გამოსცეს ბრძანება, რომლითაც ფერმერისთვის ვენახის გაშენების კრიტერიუმები განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები