„აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას” - ეს მიმდინარე წლის 5 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის მიერ დაანონსებული ცვლილებები ნაწილია, რომელიც არასამთავრობო სექტორისკენ არის მიმართული.
თემაზე კომენტირებისას, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ გაკვირვებულია მსგავსი განაცხადით, რადგან გარემოს დაცვის მიმართულებით გადაწყვეტილებებში სამოქალაქო სექტორის სავალდებულო წესით მონაწილეობას სპეციალური კონვენცია იცავს. ნინო ჩხობაძის თქმით, საქართველო აღნიშნული საერთაშორისო შეთანხმების ნაწილია და ასემც რომ არ იყოს, ხალხის არჩეული ხელისუფლება ვალდებულია, გადაწყვეტილებების მიღების დროს მათ აზრს ითვალისწინებდეს.
“მე ცოტა გაკვირვებული დავრჩი. ნებისმიერმა იურისტმა საქართველოში იცის, რომ ჩვენ ვართ მხარე გაეროს ორჰუსის კონვენციის, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის აუცილებელ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების დროს. ძალიან ბევრი წინადადებები შედის სამოქალაქო სექტორიდან, რომელმაც შეიძლება უკეთესად იცოდეს პროფესიონალური თვალსაზრისით როგორ შეიძლება ავარიდოთ რისკებს თავი.
შეუძლებელია, სამოქალაქო სექტორის გარეშე გადაწყვეტილების მიღება. იმიტომ კი არა რომ ჩვენ კონვენციის მხარე ვართ ... ვისი არჩეულები არიან ეს პოლიტიკოსები? ამომრჩევლების ხმა ხომ უნდა გაიგონონ?! შესაბამისად ჩვენ გვაქვს უფლება ვიღებდეთ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების დროს”, - აცხადებს ჩხობაძე.