მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უნდა გადავხედოთ მშენებლობებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი“- ჩხობაძე

ნინო ჩხობაძე

„უნდა ავკრძალოთ კალაპოტებში მშენებლობების დაშვება, ნაპირებზე მშენებლობები, გვინდა არ გვინდა, უნდა გადავხედოთ ყველა მიღებულ გადაწყვეტილებას, უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი იმისთვის, რომ კიდევ არ დადგეს მსხვერპლი“, - ეს განცხადება „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა.

მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზებზე საუბრისას, ჩხობაძე გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილებას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანა პროცესებს სრულად მოუმზადებელი ხვდება.

„ჩვენი ყველა მდინარე არის გაღვარცოფებული, ან მეწყრული, ახასიათებს წყლის მომატება. ეს უკვე არ არის სეზონური, არამედ მკვეთრად გამოხატული მთელს საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენ სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესებთან მიმართებით მზად ვართ.

ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ადაპტაციის ღონისძიებებია, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტში  უნდა არსებობდეს. აუცილებელია რეაგირების გეგმებისა და სქემების გაძლიერება. უნდა მოხდეს დაკვირვება, უნდა გავიღოთ ეს თანხა იმისთვის, რომ სისტემა გავმართოთ მთელს საქართველოში. მეტსაც გეტყვით, ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ, განსხვავებული ქცევები გვაქვს წყალდიდობის, წყალმოვარდნის, მეწყერის ჩამოწოლის, მიწისძვრის, ცეცხლის გაჩენის დროს. ჩვენ ეს უნარები დაკარგული გვაქვს, არაფერი ვიცით და ამას სჭირდება ფართომასშტაბიანი პროგრამის დალაგება, თანაც სწრაფად.

საბედნიეროდ არის ხალხი, რომელმაც იცის როგორ უნდა მოვიქცეთ ექსტრემალურ პირობებში. ჩვენ შეგვიძლია პრევენციული ღონისძიებების გატარება მეწყერსაშიშ ზონებთან მიმართებით. შეგვიძლია არ გამოვიწვიოთ წყალდიდობით სახლების დაფარვა, შეგვიძლია სადრენაჟე სისტემები გავმართოთ ყველგან, რათა წყლის გასვლის საშუალება იყოს. ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, სად შეიძლება იყოს ტალღის დარტყმა, ეს უნდა იყოს გამოთვლილი, იმიტომ, რომ მდინარეები გვაჩვენებენ ამ კალაპოტს. ამისთვის საჭიროა შევწყვიტოთ კალაპოტებში მშენებლობები. ყველა გეგმა უნდა გადაიხედოს რაც კი მომზადებულია სივრცითი განვითარების, ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც არ ახლავს ეს რისკები და შესაბამისი ანალიზი. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავაწყოთ ეს სისტემები, სადაც ყველა უწყება იქნება ჩართული, როგორც ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ისე გარემოს დაცვის სამინისტრო.

პრევენცია რაღაცეების სწორად გაკეთებაა, არ უნდა ვასწოროთ პროექტები მას შემდეგ, როცა კატასტროფა დატრიალდება, მანამდე უნდა გავთვალოთ. მაგ. შოვთან მიმართებით სივრცითი განვითარების გეგმა რომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტმა დეკემბერში, მას რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი მოქმედების ანგარიში ჰქონოდა გაკეთებული, მაგ შემთხვევაში მეტს დავინახავდით მათ შორის იმ რისკებთან მიმართებითაც“, - მიიჩნევს ჩხობაძე.

კითხვაზე - შეიძლებოდა თუ არა გურიაში მომხდარი ტრაგედიის თავიდან არიდება, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გვპასუხობს, რომ სპეციალისტების მხრიდან  მეწყერსაშიში ზონების გააქტიურებაზე მუნიციპალიტეტებისთვის რეკომენდაციები არსებობდა, თუმცა მისი „წამკითხავი“ არავინ იყო.

„უნდა ავკრძალოთ კალაპოტებში მშენებლობების დაშვება, ნაპირებზე მშენებლობები, არ შეიძლება! გვინდა არ გვინდა, უნდა გადავხედოთ ყველა მიღებულ გადაწყვეტილებას, მორატორიუმი უნდა გამოვაცხადოთ იმისთვის, რომ კიდევ არ დადგეს მსხვერპლი. ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოს ბევრ რეგიონში სახლებია აშენებული კალაპოტებში და მერე გვიკვირს რატომ იტბორება. ახლაც, გურიაში ისეთი პრობლემაა წარმოქმნილი, რაც იდეაში კარგად უნდა გვცოდნოდა, გურიას სჭირდებოდა სერიოზული მიხედვა, მაგრამ ამისთვის ვერავინ, ვერასდროს მოიცალა. რეკომენდაციები იყო, უბრალოდ წამკითხველი მაჩვენეთ - ვისაც ამის კითხვა შეუძლია, ასეთი ხალხი ძალიან ცოტაა. არც გეოლოგი გვყავს, არც ჰიდროლოგი, არც მეტყევე გვყავს, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ეს სპეციალისტები გვჭირდებიან ადგილზე.

პრაქტიკულად ძალიან ექსტრემალურ ვითარებაში მთლიანად უნდა გადავაწყოთ მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება. სამინისტროსთან და სააგენტოსთან ერთად, ექსპერტებთან ერთად, ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია სწრაფად ამ ყველაფრის გატარება.  სამოქალაქო სექტორის გარეშე ამას ვერ შევძლებთ, პროცესის გამართვისთვის ბევრი ადამიანი გვჭირდება“, - განაცხადა ჩხობაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები