"დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის შეფასებით, გრანტის მართვის სახელმწიფო სააგენტოს შექმნა არა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, არამედ ელიტური ჯგუფების და სახელმწიფოს დაფუძნებული ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე იქნება მიმართული.
ნინო ჩხობაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ გრანტების სააგენტოს არანაირი კავშირი არ აქვს იმ ტიპის განვითარების სააგენტოებთან, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს და ის რეალურად ქვეყანაში კორუფციის დამატებითი წყაროს ფუნქციას შეიძენს.
“იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს სააგენტო იქმნება, იქნება დამატებითი კორუფციის სერიოზული წყარო, რადგან მე ვერ ვხედავ, რომ შიგნით არის რაიმე მექანიზმები, რომელიც კორუფციის საწინააღმდეგო ღონისძიებებს განმარტავდა.
ასეთი ტიპის ფონდის შექმნა ან განვითარების სააგენტოს შექმნაზე არასამთავრობო სექტორი დიდი ხანია მსჯელობს და ძალიან ბევრი ასეთი ტიპის განვითარების სააგენტოები და არა საგრანტო სააგენტოები იქმნება სახელმწიფოებში და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც აკეთებს სახელმწიფო. თავისი არსით ასეთი სააგენტოების პროგრამები მიმართულია სამოქალაქო სექტორზე როგორც შიგნით, ისე გარეთ. ასეთი სააგენტოები როგორც წესი არიან ძალიან გამჭვირვალე, თავისი არსით მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე არ არიან დამოკიდებულები. ამაში შედის ასევე კერძო ფული, მაგალითად ინგლისის ასეთი განვითარების სააგენტოს აფინანსებს BP. ეს ჩვეულებრივი გამოცდილებაა, რაც არსებობს ევროპაში და ყველა ქვეყანაში, რომელიც თვლის თავს ცივილური სამყაროს ნაწილად.
სამოქალაქო სექტორი იქ უფრო მუშაობს როგორც საზოგადოებრივი მონიტორინგი სახელმწიფო სტრუქტურებზე, ის არის საკმაოდ კრიტიკული და ამაზე სახელმწიფო ხარჯავს ფულს, რომ გამოავლინოს და დამატებითი საშუალებები ჰქონდეს იმისთვის, რომ სახელმწიფო განვითარდეს. ეს პირველ რიგში აფხიზლებს თვითონ სახელმწიფოს და აძლევს განვითარების საშუალებას.
ამას ჩვენ ამ ცვლილებით ვერ ვხედავთ, ვერ ვკითხულობთ შიგნით, ამიტომ არის ბუნდოვანი და აბსოლუტურად გაუგებარი. მე არ ვიცი რატომ გვეჩქარებოდა, რატომ არ შეიძლებოდა კონსულტაციების გავლა ამ საკითხებზე იმათთან, ვისაც ეს გამოცდილება აქვს და აქვს როგორც უნგრეთს, სლოვაკეთს და თითქმის ყველა ქვეყანას, ვისთანაც ვმეგობრობთ.
იქნება ელიტარული ჯგუფების დაფინანსება, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ისეთი ფორმა გვაქვს სამოქალაქო სექტორის, რომ ა(ა)იპ-ი აქვს სახელმწიფოსაც შექმნილი, რომლებსაც გამჭვირვალობის კანონი არ ეხება. ისინი ისეთი იურიდიული ფორმით არიან შექმნილები როგორც წევრობაზე დაფუძნებული არასამთავრობო სექტორი. ვერ მოვახერხეთ ამათი გამიჯვნა. იურიდიულად არ განსხვავდებიან.
ნურავის ექნება იმის იმედი, რომ წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზიაციას ექნება შანსი ან შესაძლებლობა, რომ რაღაცას მიაღწიოს. დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები და ეს დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომელიც არსებობს გამჭვირვალობის კანონში ზუსტად ასეთივე ჩანაწერი არ არის გაკეთებული ამ კანონში. შეკითხვა მარტივია: რისთვის ვაკეთებთ, რომ თვალი ავახვიოთ, რომ ჩვენ ვავითარებთ სამოქალაქო სექტორს?!. ჩვენ არანაირ სამოქალაქო სექტორს არ ვავითარებთ ამ შემთხვევაში.
როგორც ერთ-ერთმა ძველმა ორგანიზიაციამ შემიძლია ვთქვა, რომ ვერანაირად ვერ შეუწყობს ჩვენი ორგანიზაცია ხელს, რომ ქვეყანაში კიდევ მეტი კორუფცია განვითარდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კორუფციის ბუდე იქნება დამატებით”,-აცხადებს რედატქ2-თან ინტერვიუში ნინო ჩხობაძე.
“ქართული ოცნება” ბიუჯეტიდან NGO სექტორის დასაფინანსებლად სააგენტოს ქმნის. “გრანტების სააგენტო”- ასე ჰქვია სახელმწიფო სსიპ-ს, რომლის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა საქმიანობა “ქართული ოცნების” პრიორიტეტებთან თანხვედრაშია.
“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელიც ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად სსიპ-ის შექმნას ითვალისწინებს, ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ფუნქციონირებას სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლევანდელი ბიუჯეტი კი 20 მლნ ლარი იქნება. როგორც კანონპროექტის განხილვების დროს ითქვა, მარტიდან გრანტების სააგენტოს უკვე ექნება შესაძლებლობა კონკურსები გამოაცხადოს და არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტები გასცეს.