“გადაწყვეტილებებს დამსახურების მიხედვით რომ იღებდნენ, ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს გაუხსნიდა”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, X-ზე წერს.
პაპუაშვილმა აღნიშნული განცხადება Atlantic Council-ის მიერ გამოქვეყნებული თავისუფლების ინდექსის შედეგების შეფასებისას გააკეთა.
“საქართველომ 2024 წლის თავისუფლების ინდექსით დაიკავა უფრო მაღალი პოზიციები, ვიდრე ევროკავშირის ყველა კანდიდატმა ქვეყანამ, NATO-ს წევრმა 6-მა ქვეყანამ და EU-ს წევრმა ორმა ქვეყანამ. ეს ყოვლისმომცველი ინდექსი 164 ქვეყანას ისეთი კრიტერიუმებით აფასებს, როგორებიცაა სამოქალაქო თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები და სამოქალაქო უსაფრთხოება. საქართველოს პროგრესი შეუდარებელია, რაც ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილებებს დამსახურების მიხედვით რომ იღებდნენ, ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს გაუხსნიდა”, - წერს პაპუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ Atlantic Council-ის თავისუფლების ინდექსი, რომლის ანგარიშიც გუშინ გამოქვეყნდა, 164 ქვეყნის თავისუფლების დონეს 2022 წლის მდგომარეობით აფასებს.
7 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკომისია მიიჩნევს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ EU-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა დათქმა შეასრულეს, რის გამოც ევროკავშირი მათთან მოლაპარაკებების გასახსნელად 27 წევრმა ქვეყანამ მოლაპარაკებების ჩარჩო უნდა დაამტკიცოს.