მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადავადდება თუ არა ფარმაცევტული საწარმოებისთვის GMP/GDP სტანდარტზე გადასვლა?

6037aa9013c81
ელენე გოგბერაშვილი
25.02.21 18:00
1204
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე, დღეს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში სააგენტოს ხელმძღვანელს ზაალ კაპანაძეს დეპუტატებმა კითხეს, რა პოზიცია აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საწარმოების მოთხოვნაზე, GMP/GDP სტანდარტზე გადასვლა რამდენიმე წლით გადავადდეს.

როგორც ცნობილია კარგი საწარმოო პრაქტიკის დანერგვა ფარმაცევტულმა საწარმოება 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ. ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალ სატანდარტზე გადასვლისთვის, რომელიც მათი მხრიდან სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას მოითხოვს, მზად არ არიან და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის გადავადებას სთხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე აცხადებს, რომ რეგულაციის გადავადებაზე ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, რეგულაცია ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.

"აღსანიშნავია, რომ გარდამავალ პერიოდში ორმა ქართულმა კომპანიამ აიღო GMP/GDP სერთიფიკატი. რაც შეეხება გადავადებას, არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ ვერ ეტევიან დროში, ჰყავთ 600-ზე მეტი თანამშრომელი და იქნებ მიეცეთ დამატებითი დრო ახალ საწარმოო პრაქტიკაზე გადასასვლელად.

ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და დღევანდელი მოცემულობით რეგულაცია ძალაში 2022 წლიდან უნდა შევიდეს. შესაბამისად მოთხოვნები ყველა მწარმოებელმა უნდა დააკმაყოფილოს"-აცხადებს ზაალ კაპანაძე და დასძენს, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო იმისთვის, რომ ყველა თანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდეს და ქვეყანაში მხოლოდ GMP/GDP სერტიფიკატის მქონე მედიკამენტი შემოვიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები