ბრიტანული ბენდი MASSIVE ATTACK შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტის გაუქმების მიზეზებს განმარტავს. როგორც ჯგუფი X-ის პლატფორმაზე განმარტავს, ისინი უარს აცხადებენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე კონცერტის ჩატარებაზე და სოლიდარობას უცხადებენ მშვიდობიან მომიტინგეებს.
“გადავწყვიტეთ, რომ გავაპროტესტოთ საქართველოს მთავრობის თავდასხმა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და გავაუქმოთ საქართველოში 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტი. ამ ვითარებაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე კონცერტის ჩატარება შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ჩვენი მხრიდან მთავრობის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალადობრივი გზებით დაშლის წახალისება.
ცემა, დაჭერები, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე კანონების მიღება, რომლებიც ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას და აუქმებს LGBTI თემის უფლებებს, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რისიც ჩვენ გვჯერა.
სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან მომიტინგეებს საქართველოში, რომლებიც ებრძვიან სახელმწიფო ძალადობას და მიიჩნევენ, რომ მათი ხმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, მათი გასაჭირი კი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს.
ჩვენ დავბრუნდებით და კონცერტს თქვენთან ერთად, თავისუფლებაში გავმართავთ. #დაიცავიპროტესტი”, - წერს MASSIVE ATTACK.
28 ივლისს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ღონისძიების გაუქმების შესახებ ინფორმაცია დღეს კომპანიამ თავად გაავრცელა, თუმცა კონცერტის გაუქმების მიზეზებზე არ უსაუბრია. სამთავრობო კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში MASSIVE ATTACK-ის კონცერტის დაანონსების შემდეგ, ჯგუფს არაერთმა გულშემატკივარმა მისწერა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში გარკვევა სთხოვა. 3 მაისს ბენდის ოფიციალურ X გვერდზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების მხარდამჭერი “ტვიტიც” გამოქვეყნდა.
Georgia. #ProtectTheProtest pic.twitter.com/PEdqNdrnH2
— Massive Attack (@MassiveAttackUK) June 12, 2024