მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადახდის DRG-ს სისტემის ამოქმედება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა - „მედიქლაბჯორჯიას“ დამფუძნებელი

637dbada5eba5
ინგა მურუსიძე
14.11.22 23:45
668
უკვე 20 დღეზე მეტია, 1-ელი ნოემბრიდან საქართველოში გადახდის ახალი, DRG-მეთოდი ამოქმედდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური კი უკვე კლინიკების მხრიდან დარღვევებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, რაც DRG-მეთოდი ამოქმედდა, კლინიკების მხრიდან გარკვეული ოპერაციების დაფინანსებაზე უარის თქმის შემთხვევები უკვე ფიქსირდება.

„მედიქლაბჯორჯიას“ დამფუძნებელი დიმიტრი მახათაძე DRG-მეთოდის ამოქმედებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მთავარია სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს.

„DRG-ს სისტემას რაც შეეხება, იმ საყოველთაო პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ისევე როგორც ყველა სიახლეს, თუ ეს სისტემური გახდება, გარკვეული ხარვეზები ახლავს, თუმცა საბოლოოდ ეს ყველაფერი დაიხვეწება. იმედი მაქვს, რომ DRG - სისტემას შექმნის და დანერგვის გამოცხადების პარალელურად სჭირდება მუდმივი კონტროლი და ადმინისტრირება. შესაბამისად, როცა სისტემური ინსტრუმენტები სწორად ჩამოყალიბდება, მისი ადმინისტრირება და ეფექტი გაცილებით დიდი იქნება“, - განაცხადა მახათაძემ.

რაც შეეხება კლინიკების მხრიდან უკვე გამოვლენილ დარღვევებს, კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკებისთვის კონკრეტული პროცედურის დაფინანსება საკმარისი არ იქნება, არის თუ არა შესაძლებელი ე.წ. შავი ხვრელები იპოვონ, მახათაძე ამბობს, რომ „თუ ვინმეს რაიმე დარღვევის და დანაშაულის ჩადენა უნდა, მას არც შავი ხვრელი დააბრკოლებს და არც თეთრი, შესაბამისად, მთავარია ადმინისტრირება“.

„თუ საბაზრო მოთხოვნები არ შეესაბამება მიწოდებას და პირიქით, დისბალანსი შეიქმნა, სადღაც, ვიღაც დაზარალდება. თუ რეალურად, დაფინანსება არ ითვალისწინებს შესაბამის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას და ხარისხის უზრუნველყოფის შენარჩუნების საშუალებას არ იძლევა, ალბათ მინიმუმ კლინიკამ ზედმეტი პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს თავის თავზე“, - ამბობს მახათაძე.

ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ „მედიქლაბჯორჯია“ იმ რამდენიმე კლინიკას შორის არის, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვა. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება DRG-მეთოდის ამოქმედებას არ უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები