მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაზიდვები გაძვირდა - აისახება თუ არა ეს პროდუქციის ფასზე?

5e970260ac13a
სალომე მეცხვარიშვილი
15.04.20 23:20
1315
გაძვირებული მომსახურება და შემცირებული გადაზიდვები - ეს ის პრობლემებია, რომლებსაც საქართველოში მოქმედი გადამზიდავი კომპანიები აწყდებიან. კორონავირუსის პანდემიის პირობებში გადამზიდავ კომპანიებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების რეგულაციებზე მორგებაც უწევთ, რაც მათ ოპერირებას კიდევ უფრო ართულებს.

Covid 19-ის პანდემიის გამო ზოგიერთი გადამზიდავი სრულად არის გაჩერებული, ზოგიერთი ძველ შეკვეთებზე მუშაობს, ახალი შეკვეთები ძირითადად მხოლოდ სურსათსა და სამედიცინო პროდუქციაზე მოდის. თუმცა, ეს შეკვეთებიც ძნელად და შეფერხებებით სრულდება. მიზეზი ბევრნაირია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი ისაა, რომ გადამზიდავ კომპანიებს მძღოლებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები, რადგანაც ტვირთის შემოტანის შემდეგ, ისინი 2 კვირით საკარანტინე ზონებში ხვდებიან, შედეგად, კომპანიები ახალი შეკვეთების აღებას ვერ ახერხებენ.

ამას დამატებული ის ფაქტორი, რომ გაზრდილია ტვირთების მიწოდების დრო - სხვადასხვა რეგულაციის გამო - შემოწმებები, დაყოვნებები საზღვარზე, დეზინფექცია და ა.შ.

კომპანია “ბიდიეს ლოჯისტიკის” დირექტორი მარი დარსაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადაზიდვის სერვისი დაახლოებით 20%-ითაა გაძვირებული.

“ჩვენმა გადამზიდავებმაც გაგვიძვირეს ტარიფი. ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან, თუ სტანდარტულად ევროპიდან 7-10 დღეში ჩამოდიოდა მანქანები, ახლა ვანდომებთ 15-20 დღეს. ეს ითხოვს მძღოლების დამატებით ანაზღაურებას. პლუს ამ პროცესში რამდენიმეჯერ გვიწევს მძღოლების გამოცვლა, რომლებიც რეალურად უკვე დეფიციტშია - არ არის ფართო არჩევანი არც თურქეთში, არც რუსეთში, არც ჩვენთან და ეს აძვირებს მომსახურებას”,- აცხადებს მარი დარსაძე.

მისივე ინფორმაციით, მძღოლების გამოცვლა საჭიროა, რამდენადაც ისინი სხვა ქვეყანაში გადასვლისას არ უნდა გახდნენ ინფექციის გადატანის წყარო.

“როცა ბულგარეთიდან გადადის თურქეთში ტვირთი, მძღოლებს თურქეთში უწევთ 14-დღიანი კარანტინის გავლა. თუმცა, ამ პრობლემას ვჭრით ისე, რომ იქ იცვლება მძღოლი და მარშრუტს აგრძელებს სხვა მძღოლი, რომელიც ბოლო 2 თვე არ არის ნამყოფი ევროპაში. შემდეგ საქართველოშიც ვაწყდებით ანალოგიურ პრობლემას: აქ მანქანის წინა ნაწილმა უნდა გაიაროს სადეზინფექციო პროცედურები და თუ მძღოლი ბოლო 2 თვის განმავლობაში არ არის ნამყოფი ევროპაში, ძირითადად უპრობლემოდ შემოდის”,- აცხადებს მარი დარსაძე.

გადაზიდვების გაძვირების ტენდენციაზე საუბრობს bm.ge-სთან საექსპედიციო კომპანია “მინტრანსის” დამფუძნებელი ირმა ვარსიმაშვილიც. მისი თქმით, ეს ყველაფერი პირველ რიგში აისახება იმ პროდუქტზე, რომლის გადაზიდვაც ხდება, ამ ეტაპზე კი ეს პროდუქტი ძირითადად სურსათი და ჰიგიენური საშუალებებია.

“როცა ტრანსპორტთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება არის მისაღები, გაითვალისწინოს მთავრობამ, რომ ეს არის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული, რომელსაც არ გადაიხდის კლიენტი და თუ გადაიხადა, აწვება იმ პროდუქციას, რომელიც შემოდის. ახლა კი რა პროდუქტი შემოდის? საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები. ამ პროდუქციის გაძვირება კი არავის სურს. სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს - როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? მხოლოდ თქმა და დაწერა ადვილია, განხორციელება რთულია”,- აცხადებს ირმა ვარსიმაშვილი.

მისივე თქმით, გადაზიდვის სერვისი გაძვირებულია სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის არის ისიც, რომ ამ სფეროში მძღოლების დეფიციტი გაჩნდა.

“მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შემოგვაქვს ტვირთები და სახმელეთო გზით როცა შემოდის, მძღოლს უშუალო კავშირი აქვს საწყობთან, მუშებთან და ა.შ. რისკის დონეც უფრო მაღალია. გარდა ამისა, გაიზარდა ტრანზიტის ვადები, გაიზარდა შეფერხებები საზღვრებზე. შემოწმება ხდება ყველაფრის. ბევრმა ქვეყანამ აკრძალა გარკვეული პროდუქციის ექსპორტი და ამის შემოწმებაც ხდება და ა.შ. ნაკლები ტრანსპორტი მოძრაობს ამ ეტაპზე რუსეთში, უკრაინაში, ევროპაში, ბევრ მძღოლს აღარ უნდა წავიდეს და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს. როცა მცირე რაოდენობაა და მოთხოვნა გაზრდილი, ეს იწვევს ფასების ზრდას და ეს აისახება ჩვეულებრივ მომხმარებელზე, რა თქმა უნდა, ფასები გაზირდება”,- აცხადებს ირმა ვარსიმაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები