მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდა თუ არა თხევადი გაზი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ?

5f8047e725ebb
ვიქტორია მღებრიშვილი
09.10.20 22:55
5047
საქართველოს პარლამენტმა ივნისში დაჩქარებული განხილვის შედეგად თხევად გაზზე 2-ეტაპიანი დაბეგვრა გააერთიანა და აქციზის გადასახადის ოდენობა 300 ლარით განსაზღვრა.

ამასთან, ქვეყანაში თხევადი გაზი 2 კოდის ქვეშ შემოდიოდა, აქედან 2711 კოდით შემომავალი პროდუქტი აქციზს ექვემდებარებოდა, ხოლი 2901 კოდის თხევადი გაზის აქციზი 0 ლარი იყო. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით კი, აქციზის გადასახადს დაექვემდებარა 2901 კოდით იმპორტირებული პროდუქტი.

BM.GE დაინტერესდა - იქონია თუ არა გავლენა 2-ეტაპიანი გადასახადის გაერთიანებამ თხევადი გაზის გასაყიდ ფასზე და ამ კითხვით ბაზრის მოთამაშეებს მიმართა.

თხევადი გაზის იმპორტიორების მოსაზრება ორად იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ აქციზის გაერთიანებამ გარკვეული გართულებები შექმნა, თუმცა საწვავის სარეალიზაციო ფასი არ გაზარდა, ხოლო მეორე ნაწილი კი თვლის, რომ საწვავის ფასი გაიზარდა.

„აქციზის გადასახადის დაკორექტირების შემდეგ თხევადი გაზის სფერო უკეთესობისკენ დალაგდა, რადგან ყველა კოდით შემომავალი თხევადი გაზი ექვემდებარება აქციზის გადასახადს და არაკეთილსინდისიერად მოქცევის საშუალება აღარ აქვთ. 2901 კოდით თხევადი გაზი წარმოებისთვის არის შექმნილი, ხოლო 2711 არის საავტომობილო საწვავად გამოყენებისთვის.

თხევადი გაზის აქციზის გაერთიანებამ ფასზე გავლენა არ იქონია, უბრალოდ საბრუნავ საშუალებებზე მოთხოვნა გაიზარდა, იმიტომ რომ ადრე გვქონდა საშეღავათო პერიოდი, რადგან ვიხდიდით ჯერ 120 ლარს შემოტანისას, ხოლო რეალიზაციის შემდეგ 180 ლარს. შესაბამისად, გაერთიანებამ დამატებითი ფინანსური რესურსი მოითხოვა, როგორც ტვირთი დაგვემატა ეს, თუმცა ამის სიკეთე იყო თხევადი გაზის ბაზრის მოთამაშეების კონკურენტულ გარემოში დაბრუნება, რადგან ჩვენ ისედაც შემოგვქონდა 2711 კოდის პროდუქცია, რომელიც ექვემდებარებოდა გადასახადს. 2901 კოდის შემომტანები იყვენენ უკეთეს პირობებში და ახლა კი სხვა იმპორტიორებთან ერთად თანაბარ პირობებში აღმოვჩნდით“, - განაცხადა თხევადი გაზის იმპორტიორთა და საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაციის პრეზინდენტმა ნარიმან ფირცხელიანმა.

მისივე ინფორმაციით, თხევადი გაზის ფასი 1.28 – 1.30 ლარია.

განსხვავებული მოსაზრება აქვს თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელს ნიკა ხოფერიას. მისი განცხადებით, 2901 კოდით თხევადი გაზზე აქციზის დაწესებამ მისი სარეალიზაციო ღირებულება 30 თეთრით გაზარდა. თუმცა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 1 ლ საწვავის ღირებულება 1.30 თეთრია.

„აქციზის გადასახადის გაერთიანებამ და 2901 კოდით შემოტანილ თხევად გაზზე აქციზის დაწესებამ ფასი 1 კგ-ზე 30 თეთრით გაიზარდა.

ევროკავშირის რეკომენდაციაში წერია რა უნდა იყოს აქციზის გადასახადი ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების და იქ წერია, რომ ერთ ტონაზე უნდა იყოს 125, ქვეყნის მიხედვით ეს იქნება, ლარი თუ სხვა ეროვნული ვალუტა. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც თხევად გაზსა და ბენზინზე აქციზი იმდენად არის ერთმანეთთან მიახლოებული, რომ თხევადი გაზი გამოვარდნილია კონკურენციიდან“, - აცხადებს ნიკა ხოფერია.

მისივე თქმით, თხევადი გაზის მოხმარებამ იკლო.

„წინა წლებში, როდესაც ამ ინდუსტრიის განვითარება იწყებოდა 3 წელში 50 000 ავზია შემოტანილი, ანუ 50 000 მანქანა გადასულია თხევად გაზზე საქართველოში. წელიწადში 18 000 ავზამდე შემოდიოდა, წელს არ შემოსულა არც ერთი, რაც ნიშნავს იმას რომ იყო იმპორტი, მუშაობდა ხალხი, იყო სერვის ცენტრები და ეს ხალხი დარჩა უმუშევრად ფაქტობრივად და თუ ასე გაგრძელდება შესაძლოა ეს სექტორი საერთოდ გაჩერდეს“, - ამბობს თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები