მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაძვირდება თუ არა ავეჯი? - ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა ქართულ ბიზნესზე

ავეჯი

ავეჯის ბაზარზე ფასების ცვლილება ლოგისტიკური ჯაჭვების აღდგენაზეა დამოკიდებული. როგორც სექტორის წარმომადგენლებმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადეს, თუ მიწოდების ხაზი მარტის ბოლოს ან აპრილში დალაგდება, მომხმარებელი დიდ გავლენას ვერ იგრძნობს, თუმცა თუ პროცესი აპრილსაც გასცდება, ფასები აუცილებლად გაიზრდება.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გაიხსნება და დალაგდება ლოგისტიკური ხაზები. თუ, მაგალითად, მარტის ბოლოს ან აპრილში სიტუაცია შედარებით დაბალანსდება, მოკლევადიან პერიოდში მომხმარებელზე ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ასეთ შემთხვევაში ბიზნესს შეუძლია გარკვეული რისკი საკუთარ თავზე აიღოს და ფასების ცვლილება დროებით შეაკავოს. თუმცა თუ ეს პროცესი აპრილსაც გასცდება, მაშინ ლოგისტიკური ჯაჭვის სრულად დალაგებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. ასეთ შემთხვევაში უკვე აპრილიდან ან მაისიდან მომხმარებელი აუცილებლად იგრძნობს ფასების ზრდას.

ჩვენ უკვე გვქონდა მსგავსი გამოცდილება კოვიდის პერიოდში, როდესაც ლოგისტიკური ჯაჭვები ფაქტობრივად ქაოსურ მდგომარეობაში იყო და მიწოდების პროცესში სერიოზული შეფერხებები წარმოიშვა. თუ მსგავსი სიტუაცია ისევ გაგრძელდა, ფასებზე გავლენა გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა „ეშლი ჰოუმის“ გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დაბრუნდაშვილმა.

მიმდინარე მოვლენების გავლენაზე საუბრობენ ადგილობრივი ავეჯის მწარმოებელ კომპანიებშიც. „ლაზიერის“ დამფუძნებელი ავთო ჯანგავაძე აცხადებს, რომ ავეჯის ბაზარი საქართველოში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ნედლეულზე და ლოგისტიკურ ჯაჭვებზე, რის გამოც მიწოდების შეფერხებები პირდაპირ აისახება ფასებსა და ვადებზე.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ამ ეტაპზე „ლაზიერი“ მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაციას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას ახერხებს.

„ავეჯის ინდუსტრია, ასევე სამშენებლო და სარემონტო სექტორი დამოკიდებულია ნედლეულის ბაზრებზე და ლოგისტიკურ ჯაჭვებზე. როგორც წინა პერიოდშიც შევამჩნიეთ, ნებისმიერი რისკი ჩვენს ახლომახლო რეგიონებში გავლენას ახდენს სატრანსპორტო ხარჯებზე, იცვლება მარშრუტები და იზრდება მიწოდების ვადები. ამ ეტაპზე მარაგების პრობლემა არ გვაქვს, თუმცა, თუ მოწოდების შეფერხებები დიდხანს გაგრძელდება, ფასების ზრდის რისკი რეალური იქნება.

ჩვენი ნედლეული ძირითადად ამერიკიდან, ევროპიდან და თურქეთიდან გვესაქმება, ამიტომ სატრანსპორტო ხარჯები და მიწოდების ვადები პირდაპირ აისახება პროდუქციის ფასზე.

„ლაზიერი“, როგორც პრემიუმ კლასის ავეჯის მიმწოდებელი, ცდილობს, რომ ვადები დაიცვას და ხარისხი მუდმივად მაღალი დარჩეს. პრემიუმ ბაზარი ფასების მცირე კორექციებს უფრო ნაკლებად აღიქვამს, თუმცა აუცილებელია, გაძვირებული ნედლეული მხოლოდ მცირედით აისახოს ფასებში.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესი აგრძელებს ადაპტაციას და ფიქრობს ლოგისტიკური ბაზრების დივერსიფიკაციაზე. ქვეყანაში, განსაკუთრებით საცხოვრებელი ბინების ბაზარზე, მარაგების და მოთხოვნის მხრივ დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ იმპორტირებული ავეჯის წილი ადგილობრივი წარმოებით, ხელი შევუწყოთ მის განვითარებას და მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ“, - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას ჯანგავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები