მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირებული ბინის ქირა და პირობები საერთო სტუდენტურ საცხოვრებლებში - სტუდენტების დილემა

631dad4581b11
მარიამ იზორია
11.09.22 14:52
1445
სტუდენტები ახალ სასწავლო წელს იწყებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტი სტუდენტი გახდა.

სტუდენტების გარკვეული ნაწილი, განათლების მიღების მიზნით, რეგიონებიდან საცხოვრებლად დედაქალაქში გადადის და საცხოვრებლის მოძიება უწევთ.

BMG დაინტერესდა - რა პრობლემებს აწყდებიან სტუდენტები დედაქალაქში ბინების მოძიების პროცესში? აღმოჩნდა, რომ მათ საცხოვრებელი ბინების დაქირავება უჭირთ. როგორც ისინი bm.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, ყოველთვიური ქირა იმაზე მაღალია, ვიდრე მათ მიერ გათვალისწინებული ბიუჯეტი გასწვდება.

გიორგი მორჩილაძე (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, გურია, სოფელი - აკეთი): „პირადად ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფოდან შემოსული მოქალაქეების გამო, მე ბინა ვერ ვიშოვე, რაც არის ისიც გაძვირებულია. დაახლოებით 400 ლარის ფარგლებში ვეძებ, იმ ტერიტორიაზე, სადაც ბინები შედარებით იაფია, თუმცა მაინც მაღალი ფასებია. ჩემი მეგობარიც ამ პრობლემის წინაშე დგას, საბოლოოდ გათვლილი 400 ლარიანი ბიუჯეტის 700 ლარამდე გაზრდა მოუწია. ხშირად წერენ, რომ გამოსავალი სწავლების პროცესის კვლავ ონლაინ ფორმატით დაბრუნებაა. ვფიქრობ, გამოსავალი ეს ნამდვილად არ არის, გამოსავალი სტუდენტური საცხოვრებლის არსებობაა“.

ანი ყორშია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, სამეგრელო - სენაკი): „ბინას ვეძებდი 350-400 ლარის ფარგლებში, სტუდენტის ბიუჯეტი მეტს ვერ გაწვდება, რადგან ამას გარდა ფინანსები კვებისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის სჭირდება. ნორმალური ბინა, რომელიც საცხოვრებლად ვარგა, 700-800 ლარი ღირს. ვფიქრობდი, სტუდენტურ საცხოვრებელზე, მაგრამ როცა გადავხედე სიუჟეტებს, ფოტოებს, თუ რა მდგომარეობაა იქ, გადავიფიქრე“.

გიორგი ჯავახაძე (ფილოლოგი): „მას შემდეგ, რაც ქვეყანაში იძულებითი თუ სასურველი მიგრანტების რიცხვი გაიზარდა, ბინის ქირაც გაძვირდა, რაც საცხოვრებლის შოვნის საკითხს ართულებს. მანამდე თუ კონკრეტული ბინა 400 ლარი ღირდა, ახლა 800 ლარად თუ იშოვი. ხშირად გამქირავებელი რამდენიმე თვის გადასახადის წინასწარ შეტანასაც ითხოვს.

რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებელს, მაგალითად, თსუ-ს ბაგების საერთო საცხოვრებელს, არც შეიძლება საერთო საცხოვრებელი ეწოდოს. ოთახებში აყრილია იატაკი, კედლებზე შპალერი ჩამოცვენილია, თუ ბოლო სართულზე ხარ წყალი ჩამოგდის, გაყვანილობა ძალიან ძველია, ვერ უძლებს დატვირთვას, ცენტრალიზებული გათბობის სისტემა არ არის, სტუდენტები გათბობის მიზნით, სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, მაღალი დატვირთვის გამო კი, სადენებს ცეცხლი უჩნდებათ. როცა იქ ვცხოვრობდი, იმისთვის, რომ ცეცხლი არ გაჩენილიყო, ღამე ვმორიგეობდით. ნახავთ, რომ ელექტრო სადენები გაშავებულია, რადგან თითქმის ყველას ცეცხლი ოდესღაც გაჩენია. ცუდ მდგომარეობაშია სამზარეულოც, არ არსებობს ერთიანი სივრცე, სადაც ადამიანი საკვებს მოამზადებს, სამზარეულო საპირფარეშო ოთახშია“.

ლაშა ქვლივიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი): „რუსების შემოდინების გამო ბინებზე ფასი გაიზარდა. ამის გამო ძალიან ბევრი სტუდენტი საცხოვრებლის გარეშე რჩება. სტუდენტური საცხოვრებელი არის გამოსავალი. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვერ მოვთხოვთ ამის ორ დღეში განხორციელებას, მაგრამ გარკვეული სახის ხელშეწყობა უდნა იყოს“.


საბა აზნაურიშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, ბათუმი): „ბინაში 400-500 ლარის გადახდა შემიძლია, მაგრამ როდესაც საიტებზე შევდივარ ფასები 800-900-1000 ლარის ფარგლებშია. თუ ბინა ვერ ვიშოვე ბიუჯეტის გაზრდა მომიწვეს, უკიდურეს შემთხვევაში კი აკადემიურის აღება, რაც ძალიან არ მინდა“.