ირანში მიმდინარე ომის ფონზე ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ამერიკული Exxon Mobil-ი პირველ კვარტალში მოგების კლებას პროგნოზირებს.
კომპანიის განმარტებით, ფინანსური ჰეჯირების შედეგად მიღებული მრავალმილიარდიანი ზარალი აჭარბებს იმ სარგებელს, რომელიც ენერგორესურსებზე ფასების მატებამ მოიტანა.
აშშ-ის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ვარაუდობს, რომ პირველი კვარტლის მოგება $5 მილიარდი იქნება, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა კვარტლის $7.3-მილიარდიან მაჩვენებელზე.
კომპანიის მარჟებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ე.წ. დროის ეფექტმა, რომელიც დერივატიულ კონტრაქტებსა და ომის გამო შეფერხებულ ტვირთებს უკავშირდება. Exxon-ის განცხადებით, საწვავის გადამუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებით ზარალმა შესაძლოა $5.3 მილიარდს მიაღწიოს.
კომპანიის ფინანსური დირექტორის განმარტებით, ეს პროცესი დროებითია და ბუღალტრული აღრიცხვის წესებიდან გამომდინარეობს – ფიზიკური ტვირთების ღირებულება მოგებაში მხოლოდ ტრანზაქციის დასრულების შემდეგ აისახება.
ამასთან, ომმა პირდაპირი გავლენა მოახდინა მოპოვების მაჩვენებლებზეც. 28 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, Exxon-ის ნავთობისა და გაზის წარმოება 6%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის გლობალური მოპოვების 20% კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მოდის, სადაც მიწოდების ჯაჭვი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო შეფერხდა.
მიუხედავად ამისა, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მომდევნო კვარტლებში, როდესაც კონტრაქტები საბოლოოდ დასრულდება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, მოგებიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება.




























