გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის გამო ტურისტულმა სექტორმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში 320 მილიარდი დოლარი იზარალა და 120 მილიონ სამუშაო ადგილზე მეტი რისკის ქვეშ დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გუტიერეშის თქმით, ტურიზმი მესამე ყველაზე დიდი საექსპორტო სექტორია ქიმიური ნივთიერებების და საწვავის შემდეგ, რომელზეც 2019 წელს გლობალური ვაჭრობის 7% მოდიოდა.
როგორც გაეროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, 2020 წლის პირველ ხუთ თვეში საერთაშორისო ტურისტული ნაკადი 56%-ით შემცირდა. „ტურიზმი არის სექტორი, სადაც ყოველი მეათე ადამიანია დასაქმებული და ასობით მილიონი ადამიანის საარსებო წყაროს წარმოადგენს“, - განაცხადა მან.
როგორც გამოცემა წერს, ბევრ ქვეყანაში ტურიზმი GDP-ის 20%-ს შეადგენს.
თავის მხრივ, World Tourism Organization-ი აცხადებს, რომ კორონავირუსის შედეგად მიყენებული ზარალი 2009 წლის ფინანსური კრიზისის შედეგებზე სამჯერ უარესია.