მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კობახიძეს და ყაველაშვილს თანამდებობების დაკავება მიულოცა

ანტონიო გუტერეში

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მიხეილ ყაველაშვილს კი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა. შესაბამისი მისალოცი წერილები "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა.

„მსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად",- ნათქვამია გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში.

„მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად, ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე",- აღნიშნულია წერილში, რომელიც გუტერეშისგან მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" დელეგატების მიერ არჩეულ ყაველაშვილს პრეზიდენტობა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა მიულოცა, ესენია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, სერბეთი.

„ქართულ ოცნებას“ კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს:

  • სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა
  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა
  • თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა
  • ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა;
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა;
  • „ქართული ოცნების“ „ვარსკვლავურ გამარჯვებაზე“ ისაუბრა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, - რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.
  • „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მიესალმნენ ასევე რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები