მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძალიან კარგია, რომ [ყაველაშვილი-ტრამპის] შეხვედრა შედგა - ირაკლი კობახიძე

მთავრობა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით. "ოცნების" პრემიერმა ამის შესახებ ჟურნალისტებს გმირთა მოედანზე განუცხადა, სადაც სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისი თქმით, ამაში თავის წვლილს შეიტანს მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.

“ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაში თავის წვლილს შეიტანს. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს ამისთვის. დანარჩენი, დაველოდებით ამერიკელების პოზიციას”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. მან სოციალურ ქსელში დონალდ და მელანია ტრამპებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი. ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა",- დაწერა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.

აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოდან მიხეილ ყაველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და "ოცნების" მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, რომელზეც ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, შვეიცარიის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები მიიწვია, თუმცა, სტუმრებს შორის საქართველო არ ყოფილა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები