გაერთიანებული ერების სპეციალურმა მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, მერი ლაულორმა უფლებადამცველთა სამართლებრივ დევნაზე საქართველოს მთავრობას მიმართა. ამის შესახებ ლაულორი X-ზე წერს.
"ახლა უკვე საჯაროდ: საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივი და ადმინისტრაციული შევიწროების შესახებ მივწერე. სამწუხაროდ, მთავრობას პასუხი არ გაუცია", - წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი და წერილს ასაჯაროებს.
აღნიშნული გზავნილი 60 დღის განმავლობაში კონფიდენციალური იყო, ვიდრე საჯარო გახდებოდა, რათა "ქართულ ოცნებას" პასუხისთვის დრო ჰქონოდა.
ერთობლივ წერილში მერი ლოულერი, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საკითხებში სპეციალური მომხსენებელი ირენე ხანი და მშვიდობიანი შეკრების უფლების საკითხებში სპეციალური მომხსენებელი ჯინა რომერო, შეშფოთებას გამოთქვამენ უფლებადამცველების წინააღმდეგ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
წერილში განხილულია ადამიანთა უფლებების დამცველი აქტივისტებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული დევნის რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის:
"2025 წლის 11 ივნისს, ოცი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი დაიბარეს სასამართლო სხდომაზე, რომელიც მეორე დღეს უნდა გამართულიყო. ეს პირები, მათ შორის ქალბატონი ბაია პატარაია, ბრალდებულნი იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრების შეურაცხყოფაში Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების მეშვეობით.
ქალბატონი პატარაიას ადვოკატს აცნობეს, რომ მას ბრალი წაუყენეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. ეს შედარებით ახალი დებულება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს შევიდა.
2025 წლის 18 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატარაია 4000 ლარით დააჯარიმა პარლამენტის სამი წევრის კრიტიკის გამო Facebook-ზე გამოქვეყნებული სამი პოსტისთვის.
2025 წლის 17 ივნისს, ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოს ბრძანებით გაუგზავნა მოთხოვნები რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას.
როგორც ჩანს, ეს გამოძიებები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე ორიენტირებული ცოტა ხნის წინ მიღებული კანონმდებლობის პირველი გამოყენებაა", - ვკითხულობთ წერილში.
ერთობლივი წერილის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ 173-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ჩამოთვლილი ბრალდებები არ ჯდება საერთაშორისო სამართლით დაშვებული არცერთი შეზღუდვის ფარგლებში.
"კომუნიკაციაში გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად შემოღებული 173-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების სისხლისსამართლებრივ დასჯასა და სანქცირებას ისახავს მიზნად, სოციალურ მედიაში, მათ შორის Facebook-ზე მათი პოსტებისთვის.
ჩვენ აღვნიშნავთ, რომ დადასტურების შემთხვევაში, ეს ბრალდებები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტში (ICCPR - რომელსაც საქართველო 1994 წლის 3 მაისს შეუერთდა) მოცემულ ადამიანის უფლებათა ნორმებსა და სტანდარტებს, კერძოდ, პაქტის მე-19 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ეს უფლება მოიცავს პოლიტიკურ დისკურსს და საზოგადოებრივ საკითხებზე კომენტარს და მისი შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ICCPR-ის 19(3) და 20-ე მუხლებში ფრთხილად შემუშავებული შეზღუდვებით. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებები არ ჯდება საერთაშორისო სამართლით დაშვებული არცერთი შეზღუდვის ფარგლებში", - ნათქვამია წერილში.




























