მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს ადამიანს უფლებათა საბჭომ ირანის ანტისამთავრობო გამოსვლების სისხლიანი ჩახშობა დაგმო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნებმა ირანში განვითარებული მოვლენები განიხილეს და ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო გამოსვლების სისხლიანი ჩახშობა მკაცრად დაგმეს. გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა ოფიციალურ თეირანს მოუწოდა, შეწყვიტოს მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიების გატარება.

ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს 2022 წელს შექმნილი საგამოძიებო კომისიის აღდგენასაც, რომელიც ამჯერად დეკემბერ-იანვრის პერიოდში ირანში საპროტესტო აქციების დაშლას გამოიძიებს და მოამზადებს სარჩელს, რომელიც შემდგომში საერთაშორისო სასამართლოებს განსახილველად გადაეცემათ. შეგახსენებთ, ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, 1979 რევოლუციის პერიოდის შემდეგ მსგავსი მასშტაბის ძალა ირანის ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ არ გამოუყენებია. სხვადასხვა მონაცემით, მოკლულთა რაოდენობა 5,000-იდან 20,000-მდე მერყეობს.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 25 წევრის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას, რომელიც აიათოლა ალი ხამენეის ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო გამოსვლების სისხლიან ჩახშობას გმობს, ოფიციალური თეირანი კრიტიკით შეხვდა. საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ გაერო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს, რეზოლუცია კი სრულად პოლიტიზებული იყო და ის არ ითვალისწინებდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ჩართულობას პროცესების გამწვავებაში, ასევე ფაქტს, რომ მომიტინგეები იარაღით იყვნენ აღჭურვილები და სამართალდამცავებს ცეცხლს უხსნიდნენ. გაეროში ირანის ელჩმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო შეხვედრა არაკანონიერად გამოაცხადა და თქვა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 3,000-სს არ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები