მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაეროს ბიომრავალფეროვნების სამიტი დასრულდა - რა განიხილეს?

რომი

გაეროს ბიომრავალფეროვნების მე-16 სამიტი, რომელიც ოქტომბერში კოლუმბიაში დაიწყო და მოულოდნელად, დაგეგმილზე ადრე შეწყდა, მიმდინარე კვირიდან რომში განახლდა.

ათასამდე დელეგატი რომში იმ საკითხებზე შეთანხმდა, რომლებიც სამიტის პირველ ნაწილში გადაუწყვეტელი დარჩა, მათ შორის ფინანსების მობილიზების სტრატეგიაზე, ბიომრავალფეროვნების დაფინანსების მუდმივი მექანიზმის ჩამოყალიბებაზე და სახელმწიფოების მიერ ბიომრავალფეროვნების დასაცავად მიღწეული შედეგების განხილვაზე.

მთავარი შეთანხმება, რომელსაც მსოფლიო ლიდერებმა გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციაზე მიაღწიეს, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მდგრადობისთვის მუდმივი დაფინანსების მექანიზმის შექმნაა - ეს ის საკითხია, რომელიც ქვეყნებმა პირველად 30-ზე მეტი წლის წინ, 1992 წელს, რიო-დე-ჟანეიროში გამართულ “დედამიწის სამიტზე” წარადგინეს.

კერძოდ, რიოში დადებული “ბიომრავალფეროვნების ხელშეკრულების” 21-ე მუხლი მოითხოვდა ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც ფინანსური რესურსებით მოამარაგებდა განვითარებად ქვეყნებს. ფონდი გაეროს პარტიათა კონფერენციის პასუხისმგებლობა იქნებოდა და მონაწილე ქვეყნები თავად გადაწყვეტდნენ დაფინანსების პოლიტიკას, პროგრამის პრიორიტეტებს და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კრიტერიუმებს. მაშინ ხელშეკრულებამ მექანიზმის ამოქმედების ბოლო ვადაც დააწესა, რომელიც 1994 წელი უნდა ყოფილიყო. მექანიზმი ამ დრომდე ვერ ამოქმედდა, რადგან განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც ბიომრავალფეროვნების კრიზისის წინაშე ყველაზე მწვავედ დგანან, თავად ამჯობინებენ დაფინანსების უკვე არსებული წყაროები შეინარჩუნონ, რადგან მათზე მეტი კონტროლი აქვთ.

მწვავე მოლაპარაკებების შემდეგ, COP16-ზე სახელმწიფოები 2030 წლისთვის $200 მილიარდის შეგროვებაზე შეთანხმდნენ, საიდანაც $20 მილიარდი ყოველწლიურად განვითარებად ქვეყნებს გადაეცემათ, 2030 წლიდან კი წლიური დაფინანსება $30 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები