მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაეროს გენანსამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გენანსამბლეა

4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. 8 კი რეზოლუციის მოწინააღმდეგე იყო.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.



მათივე ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა.

"რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.

რეზოლუცია, ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია გლობალურ ინიციატივად ჩამოყალიბდა, რადგან თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება [აღნიშნული მაჩვენებელი წელს 4-ით გაიზარდა და 68 შეადგინა]. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში.

რეზოლუციის განხილვისას, 4 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით), უკრაინამ და იაპონიამ.

უწყების ინფორმაციით, რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, დომინიკის თანამეგობრობა, ესპანეთი, ესტონეთი, ვანუატუ, გერმანია, გვატემალა, საქართველო, თურქეთი, ტონგა, ტუვალუ, უკრაინა, უნგრეთი, ახალი ზელანდია, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, კაბო-ვერდე, კირიბატი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პაპუა-ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, სიერა-ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, ტრინიდადი და ტობაგო, ფიჯი, ფინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, შვედეთი, ჯიბუტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები