მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდმა ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში მიიღო მონაწილეობა

ბრიუსელი
01.05.24 11:48
140

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, დირექტორის მოადგილემ, ნინო კვანტრიშვილმა და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, თამარ ღუნაშვილმა ბრიუსელში, „ცირკულარული ეკონომიკის მსოფლიო ფორუმში“ და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში “გაეროს გლობალური შეთანხმება - ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის კატალიზატორი“ მიიღეს მონაწილეობა.

ცირკულარული ეკონომიკის მსოფლიო ფორუმზე, რომელზეც ბიზნეს ლიდერები, ევროსაბჭოს, ევროკომისიის, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ცირკულარული ეკონომიკის ექსპერტები შეიკრიბებნენ, მსჯელობა ცირკულარული დაფინანსების საერთო ხედვას, არსებულ ვითარებას, მდგრადი ვაჭრობის საკანონმდებლო ჩარჩოს, ინვესტიციებს და ინოვაციებს, კლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას და ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობას შეეხო.

17-18 აპრილს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „გაეროს გლობალური შეთანხმება - ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის კატალიზატორი“.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქმიანობისა და ევროკავშირის ინიციატივების ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობაზე, კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების ახალ მოთხოვნებზე, ევროპის მწვანე პოლიტიკაზე, კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივასა და კორპორაციული მდგრადობის გულმოდგინე შემოწმების (Due Diligence) დირექტივაზე - CS3D, ტყეების გაჩეხვისგან თავისუფალ პროდუქციაზე, ასევე ევროკავშირის რეგულაციებსა და სამომავლო გეგმებზე.

სპიკერებს შორის იყვნენ ევროპარლამენტარები: სამირა რაფაელა, ჰეიდი ჰაუტალა, პასკალ დურანდი და სირპა პიეტიკაინენი, გაეროს გლობალური შეთანხმების გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელი, ოლე ლუნდ ჰანსენი, DG FISMA-ს, MAERSK-ის, Schneider Electric-ის, Phillips-ის, Koc Holding-ის, Edison-ის და სხვა მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიებაში მონაწილეობა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი წამყვანი კომპანიებისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ევროპული ქსელების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა Accountancy Europe-ს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ასევე, BusinessEurope-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

სამუშაო ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები