მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ინფორმაციით, გასულ წელს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სტიქიებით, ყველაზე მეტად, აზიის რეგიონი დააზარალა, წყალდიდობასა და შტორმს კი ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებთან დაკავშირებული 79 სტიქია სწორედ აზიაში დაფიქსირდა. მათგან 80% წყალდიდობა იყო, რასაც 2 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთანავე, აზიის ქვეყნებისთვის 2023 წელი რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა, რასაც თავისი გართულებები ახლდა თან. WMO-ს გენერალური მდივნის თანახმად, ექსტრემალური ამინდი როგორც შტორმსა და წყალდიდობებში, ისე გვალვასა და თბურ ტალღებში გამოიხატა.
ანგარიშის თანახმად, აზიის ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე გლობალური საშუალო ტემპერატურა. 2023 წელს, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა დასავლეთ ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ჩინეთსა და იაპონიაში.
ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ მაღალმთიან აზიაში მყინვართა დიდმა ნაწილმა მნიშვნელოვანი მასა, რეკორდულად მაღალი ტემპერატურისა და მშრალი კლიმატის გამო, დაკარგეს.