მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაეროს სურსათის სააგენტომ აშშ-სგან $800 მლნ-ის შემოწირულება მიიღო

wfp

გაეროს სურსათის სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან 800 მილიონი დოლარის დახმარება მიიღო.

მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს თანხა მხარს "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სასურსათო და კვებით ოპერაციებს დაუჭერს, რათა დახმარებამ სულ მცირე 37 ქვეყანაში მცხოვრებ 38 მილიონზე მეტ ყველაზე მოწყვლად ადამიანამდე მიაღწიოს".

რომში დაფუძნებულმა WFP-მ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მწვავე საჭიროების ფონზე, დაფინანსების სერიოზულ დეფიციტს განიცდიდა, ვინაიდან ევროპისა და აშშ-ის დაფინანსების მკვეთრად შეუმცირდა.

2024 წელს სააგენტომ შენატანების სახით 10 მილიარდი დოლარი მიიღო, თუმცა გასულ წელს ეს თანხა 6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

მკვეთრი შემცირებები მაშინ ხდება, როდესაც გამოწვევები მრავლდება, მათ შორის ირანის ომის გამო. ამან რიგ ქვეყნებში ლოგისტიკური სირთულეები შექმნა და დახმარების მიწოდება გააძვირა.

"იმ დროს, როდესაც საჭიროებები რესურსებს აღემატება, შეერთებული შტატების ეს გულუხვი მხარდაჭერა კრიტიკულ მომენტში მოდის", - განაცხადა WFP-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლ სკაუმ.

WFP აცხადებს, რომ წელს მსოფლიოს მასშტაბით 110 მილიონ ყველაზე მწვავე საჭიროების მქონე ადამიანს უნდა დაეხმაროს, რისთვისაც მას 13 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

გაეროს სასურსათო სააგენტოებმა ოთხშაბათს გაფრთხილება გაავრცელეს, რომ მომდევნო თვეებში გლობალურად 13 ცხელ წერტილში მწვავე შიმშილი კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან კონფლიქტები, დაფინანსების დეფიციტი და კლიმატური შოკები მილიონობით ადამიანს შიმშილობის ზღვართან აახლოებს.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და WFP-მ ახალ ერთობლივ ანგარიშში აღნიშნეს, რომ 2026 წლის ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში პირობების გაუარესებაა მოსალოდნელი. ამჟამად უკვე დაახლოებით 266 მილიონი ადამიანი დგას მწვავე სასურსათო დაუცველობის მაღალი დონის წინაშე, რის გამოც სააგენტოები დონორებს გადაუდებელი მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი შეშფოთების საგნად "სუდანი, სამხრეთ სუდანი, იემენი და პალესტინა" რჩებიან, ხოლო მდგომარეობის გაუარესებისა და შიმშილობის რისკების ზრდის გამო, ამ კატეგორიას ახლახან ნიგერია და სომალიც დაემატნენ.

სააგენტოების განცხადებით, თითქმის ყველა ცხელ წერტილში შიმშილის მთავარი გამომწვევი მიზეზი კონფლიქტები და ძალადობაა. ამას ემატება ეკონომიკური შოკები, ჰუმანიტარული დაფინანსების მკვეთრი შემცირება და ამინდის ფენომენის, "ელ-ნინიოს" მოსალოდნელი გავლენა, რამაც შეიძლება მოწყვლად რეგიონებში გვალვები და წყალდიდობები გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები