მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაეროს წარმომადგენელი საქართველოში ფონდების დაყადაღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

მერი ლოლერი

გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში მერი ლოლერი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ხუთი საქველმოქმედო ფონდის ანგარიშების დაყადაღების გამო.

"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, რომელიც მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. შემაშფოთებელია, რომ ეს ნაბიჯი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამოძიების ნაწილს წარმოადგენს. მოვუწოდებ (შესაბამის უწყებებს) გადახედონ გადაწყვეტილებას და გამოიძიონ უფლებადამცველებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმები”, - წერს ლოლერი.

პროკურატურამ, ფონდების ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციებისას დაზარალებულებს ეხმარებოდა, საბოტაჟის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს. დაყადაღებულია ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის“; ა(ა)იპ „ფროსფერითის“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის; ა(ა)იპ „სირცხვილიას“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ანგარიშები. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ფონდებს 2024 წლის დეკემბრიდან 17 მარტამდე 2 მლნ ლარზე მეტი აქვთ დახარჯული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები