დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ოპერაციებისთვის გაერთიანებული სამეფოს გარკვეული სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მისცა - იუწყება სააგენტო Bloomberg.
გამოცემის თანახმად, ეს შეთანხმება აშშ-ის ძალებს საშუალებას აძლევს, საჰაერო ოპერაციების მხარდასაჭერად ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო-გარსიას სამხედრო ბაზა და ინგლისში მდებარე ფეირფორდის სამეფო სამხედრო-საჰაერო ბაზა (RAF Fairford) გამოიყენონ. აღნიშნული ოპერაციები მიზნად ირანის მხრიდან მომავალ იმ საფრთხეებთან დაპირისპირებას ისახავს, რომლებზეც ვაშინგტონი მიუთითებს.
Bloomberg-ის ცნობით, ბერნემს ამ პოლიტიკის შესახებ, რომელიც მისმა წინამორბედმა კირ სტარმერმა დაიწყო, ინფორმაცია თანამდებობის დაკავებისთანავე მიაწოდეს და მან მის გაგრძელებას მხარი დაუჭირა.
აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაგრძელების შესახებ აცხადებს. მათი განმარტებით, ბოლოდროინდელი დარტყმები მიმართული ირანის სამხედრო მართვის პუნქტებზე, სარაკეტო გამშვებ პუნქტებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იყო.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის ოპერაციებისთვის ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენებამ გაერთიანებულ სამეფოში შიდა კრიტიკა გამოიწვია. პოლიტიკურმა ჯგუფებმა გააფრთხილეს მთავრობა, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ბრიტანეთს სამხედრო კამპანიაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს.
Bloomberg დასძენს, რომ ბერნემსა და ტრამპს შორის, ბერნემის პრემიერ-მინისტრად გახდომის შემდეგ, სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი ვაჭრობა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ჩრდილოეთის ზღვის ენერგორესურსები და საზღვაო უსაფრთხოება ჰორმუზის სრუტეში.




























