პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ბიუჯეტის 2025 წლის პირველადი ვერსია განიხილეს.
ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია დაინტერესდა, ჩერდება თუ არა მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის პროგრამა, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელს პროგრამისთვის 30 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში პროგრამის ბიუჯეტი განულებულია.
„რაც შეეხება მიწის რეგისტრაციას, მოქმედი კანონმდებლობით მიწის რეგისტრაციის პროექტი იყო 2024 წლის ჩათვლით და ეს სრულდება. თუმცა შეფასდება წლის ბოლომდე, თუ რა მოცულობით არის დარჩენილი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, გვესმის, რომ არსებობს მიგრანტები, რომლებმაც ვერ დაირეგისტრირეს მიწები და ა.შ.
ამიტომ დგას ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობა. თუმცა არა იმიტომ, რომ ვიღაცას დავპირდეთ, არამედ აუცილებელია, რომ ქვეყანაში მიწების რეგისტრაცია დასრულდეს, რათა ეს მიწები ეკონომიკაში ჩაერთოს. თუ აუცილებელი გახდება პროგრამის გაგრძელება, შესაძლოა, გადაიდგას ნაბიჯები და ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში თანხა აისახება, თუმცა არა 30 მილიონის ოდენობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.