საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაიანას რესპუბლიკის ეკონომიკა დაახლოებით 100%-ით გაიზრდება.
გასულ წელს ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 63%-ით მოიმატა; მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი გაიანას ეკონომიკის 38%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, რაც ყველანაირი სტანდარტით აბსურდული მაჩვენებელია.
საინტერესოა, რომ IMF-ის პროგნოზს იზარებენ მსოფლიო ბანკის, Fitch-ის და S&P-ის ანალიტიკოსებიც. უფრო მეტიც, Fitch-ის შემთხვევაში ზრდის პროგნოზი 115%-ს აჭარბებს.
ალბათ, ყველას გაგიჩნდათ ლოგიკური შეკითხვა: რა ქნა ასეთი ამ ქვეყანამ და მიაგნო თუ არა მან ოქროს საბადოს? პასუხი მარტივია, დიახ, გაიანამ ნამდვილად მიაგნო შავი ოქროს საბადოს.
როგორც ჩანს, კარიბის ზღვის სანაპირო ზოლი მდიდარი ყოფილა ნედლი ნავთობით, გაიანამ კი ცოტა ხნის წინ ამ რესურსის ათვისება დაიწყო. ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში ქვეყანას ამერიკული ენერგეტიკული გიგანტი Exxon-ი ეხმარება, რომელიც, თავის მხრივ, დიდ სარგებელს იღებს ამ გარიგებით.
ამჟამად გაიანა დღიურად 400,000 ბარელ ნავთობს აწარმოებს, თუმცა პროგნოზირებულია რომ ეს მაჩვენებელი მალე მილიონ ბარელსაც მიაღწევს, რის შემდეგაც ქვეყანა ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგოექსპორტიორად იქცევა სამხრეთ ამერიკის რეგიონში.
Exxon-ის გამოთვლებით, გაიანას საკუთრებაში არსებული ნავთობის რეზერვის მოცულობა 11 მილიარდ ბარელს აღწევს, რომლის ათვისება ქვეყანას წარმოუდგენელი ტემპით განვითარების საშუალებას მისცემს.