მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენესუელა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის მქონე გაიანას ანექსირებას გეგმავს - მიზეზები

ნავთობი

2023 წლის 3 დეკემბერს ვენესუელაში საყოველთაო რეფერენდუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეთა 95%-მა მხარი დაუჭირა ვენესუელის მიერ “ესეკიბოს” ტერიტორიის შემოერთებას. “ესეკიბო” ვენესუელის აღმოსავლეთ მეზობლის, გაიანას რესპუბლიკის, ერთ-ერთი რეგიონია, რომელიც სიდიდით საბერძნეთს უტოლდება და მთლიანად გაიანას ფართობის 70%-ს შეადგენს. დიახ, არ მოგესმათ ვენესუელას მისი მეზობელი ქვეყნის არა 20%-ის, არამედ 70%-ის ოკუპირება უნდა.

ვენესუელაში ჩატარებულ რეფერენდუმს გაიანას საზღვრებთან როგორც ვენესუელას, ასევე ბრაზილიის სამხედრო ძალების მობილიზება მოჰყვა, ხოლო აშშ-მა და გაიანამ, ესეკიბოს რეგიონის საჰაერო სივრცეში, ასევე სანაპირო ზოლში, სამხედრო-საჰაერო წვრთნები უკვე დაიწყეს. ეს ყველაფერი კი პოტენციური სამხედრო ესკალაციისკენ მიუთითებს. ამ კონფლიქტის საფუძვლები ევროპული კოლონიზაციის დროიდან მოდის. მაგრამ საკითხავია რატომ გააქტიურდა ვენესუელა მაინც და მაინც ახლა? პასუხი ნავთობშია. პირველ რიგში კი სჯობს მცირედ მიმოვიხილოთ გაიანას ბოლოდროინდელი ეკონომიკური ისტორია და რატომაა მისი ტერიტორიების დაკავება ვენესუელისთვის მიმზიდველი.

გაიანაში, “ესეკიბოს” აკვატორიაში, ნავთობი კომპანია “ექსომობილმა” ჯერ კიდევ 2015 წელს აღმოაჩინა, თუმცა მისი მოპოვება 2019 წლიდანს დაიწყო. მას შემდეგ კი გაიანას ეკონომიკური წინსვლა არნახულია. 2022 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 57.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 5-ჯერ მეტია ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი ფიჯის ეკონომიკური ზრდა.

IMF-ს პროგნოზით მომავალ 5 წელიწადში გაიანას მშპ ერთ სულ მოსახლეზე სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მაღალი იქნება და იტალიას გაუტოლდება. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ კი გაიანა ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანა იყო.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გაიანას ნავთობის მთლიანი რეზერვები 11.4 მილიარდი ბარელია. დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანა დაახლოებით 400,000 ბარელ ნავთობს აწარმოებს დღიურად. 2027 წლისთვის კი ამ ციფრის 1.3 მილიონ ბარელამდე გაზრდას გეგმავს. მსგავსი პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, გაიანა ნავთობის წარმოებით ერთ სულ მოსახლეზე ნომერ პირველი ქვეყანა გახდება და ისეთ ქვეყნებს გადაუსწრებს, როგორიცაა საუდის არაბეთი, კატარი და ნორვეგია.

გაიანას ეკონომიკური წინსვლისთვის ნავთობი ერთ-ერთი მაგრამ არა ერთადერთი ფაქტორია. გაიანა ჯერჯერობით ახერხებს ნავთობიდან მიღებული შემოსავლების დაბანდებას სხვა სფეროებში, მაგალითად განათლებაში, ჯანდაცვაში და ა.შ. მსგავსი “დივერსიფიკაციის” მიდგომა აუცილებელია ეგრეთწოდეული “რესურსების წყევლის” ასარიდებლად, რაც ქვეყნის კეთილდღეობის ზედმეტად დამოკიდებულებას გულისხმობს მის ბუნებრივ რესურსებზე. სწორედ ამ “წყევლის” შედეგების ერთ-ერთი საუკეთესო ამსახველია ვენესუელა, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგების ფლობის მიუხედავად, მუდმივად ჰიპერინფლაციას განიცდის და ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. შესაბამისად ამ კონფლიქტის ეკონომიკური მიზეზები აშკარაა, თუმცა არაა აშკარა ის თუ რეალურად რამდენად შესაძლებელია ვენესუელამ გადადგას საბოლოო ნაბიჯი და ესეკიბოს ანექსირებას შეეცადოს.

ესეკიბოს ტერიტორია მისი სიდიდის მიუხედავად თითქმის სრულად ტყითაა დაფარული და ძალზე მცირე მოსახლეობა ჰყავს. ეს კი ვენესუელის არმიას ხელს შეუშლის განახორციელონ სამხედრო ოპერაციები.

გაიანა მისი მშპ-ის მხოლოდ 0.6%-ს ხარჯავს თავდაცვის სექტორში და შესაბამისად არ გააჩნია რეალური თავდაცვის ძალები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი პარტნიორი ქვეყნები, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი, საიდანაც გაიანაში ინვესტორი კომპანიები ბევრია, მას არ დაეხმარებიან მსგავს პოტენციურ სცენარში. ასევე სამხედრო დახმარების გარდა აშშ-ს შეუძლია ვენესუელას მიმართ ახლახან შემსუბუქებული სანქციები თავიდან გაამკაცროს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაიანაში შეჭრა ვენესუელას მხრიდან დიდი შეცდომა და სისულელე იქნება. მაგრამ ერთი რამ რაც ისტორიიდან კარგად ვიცით არის, რომ არასდროს გამოვრიცხოთ სისულელეები, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე არადემოკრატიულ ქვეყნებს ეხებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები