იმ დროს, როცა ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში ერთდროულად ორი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, მსოფლიო კიდევ ერთი ომის ზღვარზე აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში, დაპირისპირების კერას სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე უნდა ვეძებოთ, სადაც კონფლიქტი, შესაძლოა, ნავთობით მდიდარ, მაგრამ პოლიტიკურად სუსტ ვენესუელასა და სულ რაღაც 800,000 ადამიანით დასახლებულ, მაგრამ ნავთობით უეცრად გამდიდრებულ გაიანას შორის დაიწყოს.
ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება ახალი არ არის, პირიქით - ის საუკუნეებს ითვლის, მაგრამ ახლა, ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობის პირობებში, ვითარება, შესაძლოა, დაიძაბოს, ხოლო კონფლიქტმა სამხედრო დაპირისპირების სახე მიიღოს. საქმე ისაა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი გაიანას ესეკიბოს რეგიონის ანექსირებას გეგმავს, რომელიც ქვეყნის ორ-მესამედს იკავებს. მადუროს ამ სურვილს დეკემბრის დასაწყისში ჩატარებული რეფერენდუმი უმაგრებს ზურგს, რომელზედაც ვენესუელის მოსახლეობის 95%-მა პრეზიდენტის პოზიცია გაიზიარა.
რეფერენდუმთან დაკავშირებით, ცხადია, გარკვეული კითხვები არსებობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვენესუელა დიქტატორული ქვეყანაა, სადაც გადაწყვეტილებები, ხშირად, ერთპიროვნულად მიიღება, ხოლო რეფერენდუმები - ფორმალურად ტარდება.
ნიკოლას მადუროს არგუმენტი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მიღწეულ შეთანხმებას ეფუძნება, რომლითაც ესეკიბოს რეგიონი იმ დროს ბრიტანულ გაიანად წოდებულ ქვეყანას გადაეცა. მას შემდეგ, ეს გადაწყვეტილება ბევრმა სახელმწიფომ აღიარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვენესუელის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, საკითხი კვლავაც საკამათოდ რჩება, რადგან ვენესუელას, იმ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. მას შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რთული იყო - მთელი ამ დროის განმავლობაში ესეკიბოს გაიანა აკონტროლებდა, მაგრამ ვენესუელა სულ ამბობდა, ეგ ტერიტორია ჩვენი არისო. 2004 წელს, ქვეყნებს შორის ურთიერთობა შედარებით დათბა, რადგან პრეზიდენტ უგო ჩავესის დროს, ვენესუელას გაიანას მიმართ ამ ტიპის პრეტენზია არ ჰქონია.
თუმცა მას შემდეგ, დიდი ცვლილებები მოხდა უშუალოდ გაიანაში, რამაც ამ მცირე ზომის სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ რუკაზე დიდი როლი მიანიჭა. საქმე ისაა, რომ 2015 წელს, ამერიკულმა ExxonMobil-მა გაიანას ტერიტორიაზე 15 მილიარდი ბარელის მოცულობის ნავთობის რეზერვები აღმოაჩინა, რომლის უდიდესი ნაწილი, სწორედაც რომ ესეკიბოს მიწაზე, უფრო ზუსტად კი მიწის ქვეშ ინახება. თავად ესეკიბოს რეგიონი კი, გაიანას ორ-მესამედს იკავებს და ქვეყანაში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ, ამ რეგიონზე ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ძალიან დიდი ნაწილი მოდის. თავად გაიანა კი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად იქცა მსოფლიოში, რაც გასაგებია, რადგან საქმე ნავთობთან გვაქვს.
ისე, სადაც გაიანას ეკონომიკური ზრდა ვახსენე, ბარემ ამ ქვეყნის შესახებ უფრო ვრცლად მოგიყვებით. გაიანაში, ამ ეტაპზე, 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც უმეტესწილად, ნავთობისა და სამთო მოპოვების და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიებში არიან დასაქმებული, ანუ ეკონომიკის მთავარი მდგენელები, სწორედ ეს სექტორები არიან. მათ შორის პირველი - ნავთობია, რომლის გამო, გასულ წელს, მაგალითად, გაიანას მთლიანმა შიდა პროდუქტმა 62%-ით იმატა. ამასთან, გაიანაში ნორმალურ ზღვრებში არის მოქცეული ინფლაცია, რომელიც ოქტომბერში 1.8%-ის ტოლი იყო. რეფინანსირების განაკვეთი ქვეყანაში 5%-იან ნიშნულზე არის შენარჩუნებული, ხოლო გაიანას საგარეო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 28%-ს შეადგენს.
გაიანასგან რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა ვენესუელაში, რომელიც იქ არსებული ნავთობის რეზერვების გათვალისწინებით, წესით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და განვითარებული სახელმწიფო უნდა იყოს, მაგრამ მორყეული პოლიტიკური რეჟიმის გამო, ეს ხედვა ოცნება უფრო არის, ვიდრე რეალობა. ინფლაცია ვენესუელაში, უკანასკნელი მონაცემებით, 283%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ინფლაციის არაოფიციალურ მაჩვენებელს, შესაძლოა ათას პროცენტამდე არაფერი აშორებდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ფული ვენესუელაში ლამის წუთიერად უფასურდება, მაგრამ ეს მაჩვენებელი არაფერია 2019 წელს დაფიქსირებულ 65 ათას პროცენტთან შედარებით, რაც უბრალოდ წარმოუდგენელი და სრულად აბსურდული მაჩვენებელია.
თუმცა რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს ეს რიცხვები, რეალობა ასეთია და სწორედ ვენესუელაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქმნის მსოფლიოში კიდევ ერთი შესაძლო სამხედრო კონფლიქტის საფრთხეს. საქმე ისაა, რომ 2024 წელს, ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და სავარაუდოდ, სწორედ არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, დაიძაბება თუ არა ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის. შიდაპოლიტიკურ მარცხს, დიქტატორები, როგორც წესი საგარეო წარმატებით გაფარვას ცდილობენ და არსებობს მოლოდინი, რომ ვენესუელის შემთხვევაშიც ასე იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მადუროს რეიტინგი ისედაც მნიშვნელოვნადაა შერყეული.
ამ ყველაფრის პარალელურად, რამდენიმე დღის წინ, ვენესუელის პრეიზიდენტი, ნიკოლას მადურო და გაიანას პრეზიდენტი, ირფაან ალი სენტ-ვინსენისა და გრენადინების კუნძულზე შეხვდნენ და განაცხადეს, რომ შეიარაღებულ კონფლიქტს არ დაუშვებდნენ, ხოლო დაპირისპირება - სასამართლოში გადაწყდებოდა. გაიანას პრეზიდენტის შედასებით, საქმე “მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ”, იგივე ICJ-მ უნდა განიხილოს, მაგრამ მადუროს აზრით, ამ სასამართლოს იურისდიქცია ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება.
ამგვარად, მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდება ნავთობით მდიდარი ორი სამხრეთამერიკული ქვეყნის ურთიერთობა.