მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაინტერესებთ რეალურად როგორია ახალი BMW M5 G90?

BMW M5

საავტომობილო ინდუსტრიას ვინც იცნობს და ავტოსპორტთან დაკავშირებით აზრი ვისაც მოეკითხება, ყველამ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს სიმბოლო - M. ეს ერთი სიმბოლო ენთუზიასტებისთვის ყველაფერს ცვლის და ამ ფენომენს შესაბამისი ახსნაც აქვს. საქმე ის არის, რომ M-ის სიმბოლოთი შემკულ ნებისმიერ ავტომობილს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც ბრწყინვალე წარსულით, ლეგენდარული სტატუსით და უამრავი გამარჯვებით არის განპირობებული. ვითარება კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც საქმე M5-თან გვაქვს, ანუ ისტორიაში პირველ სუპერსედანთან. თავად ეს ტერმინი უცნაურად ჟღერს, რადგან ის, გარკვეულწილად, წინააღმდეგობრივია: როგორ შეიძლება სედანი სუპერქარი იყოს ან პირიქით? — M5-ის წარმატების ფორმულა სწორედ ამ ურთულეს რეცეპტზე დგას, რაც ერთდროულად მოიაზრებს პრაქტიკულობას და სპორტულობას, თანაც უმაღლეს დონეზე.

საბედნიეროდ, BMW-ს მრავალწლიანი ისტორია სავსეა ღირსეული სუპერსედანებით, რომლებიც, თავის დროზე, კლასში საუკეთესო ავტომობილებად ითვლებოდნენ. მართალია, დროსთან ერთად, იცვლებოდა როგორც დიზაინი, ასევე ავტომობილის დანიშნულება და შინაარსი, თუმცა ის ფილოსოფია, რაზედაც BMW იდგა, ხელშეუხებელი რჩებოდა, ცხადია, მართვის შეუდარებელ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ.

ზოგადად, M-სერიის ავტომობილი მძღოლისთვის იქმნება. მისი დანიშნულება A პუნქტიდან B პუნქტამდე ისეთი მგზავრობის უზრუნველყოფაა, რომელიც მძღოლს მაქსიმალურ სიამოვნებას ანიჭებს და გზად მიღებულ ყველა დავალებას ზედმიწევნით ზუსტად, კომპეტენტურად აღასრულებს. თუმცა გზაზე ყოფნა ერთია, სარბოლო ტრასაზე სიარული კი – მეორე. როგორც ვთქვით, M5-ს ორმაგი დანიშნულება აქვს, აქედან ერთი მარტივი მისაღწევია, მეორე კი – უკიდურესად რთული. ამ სირთულეს ფიზიკის კანონები და ის მარტივი ჭეშმარიტება განაპირობებს, რომ თითქმის შეუძლებელია საოჯახო სედანი ტრეკზე კომპეტენტური იყოს, თუმცა ეს წესი M5-ს არ ეხება.

ახლა კი საქმეს რომ დავუბრუნდეთ, M-ის ფილოსოფიაზე ამდენი იმიტომ ვისაუბრეთ, რომ ახალი M5-ის შეფასება შეუძლებელია იმ ძირითად პარამეტრების განსაზღვრის გარეშე, რომელთა მიხედვითაც უნდა განვსაჯოთ ის, თუ რამდენად იმსახურებს ახალი G90-სერია M5-ის სახელს და არის თუ არა ის ისევ საუკეთესო სუპერსედანი?

საბედნიეროდ, GT Motors-ის მიერ ორგანიზებული BMW M Experience 2025-ის ფარგლებში, საშუალება მომეცა ახალი M5 რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ისე გამომეცადა, როგორც ეს M5-ს შეეფერება და ვერდიქტი შემდეგია:

ამ ავტომობილს ახალი თაობის ჰიბრიდული სისტემა, TwinPower Turbo V8-ტიპის 4.4 ლიტრის მოცულობის ძრავა, M xDrive-ამძრაობა, 727 ცხენის ძალა და 1,000 ნიუტონ/მეტრის გაწევა აქვს! — დიახ, არ მოგესმათ, M5 G90 თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით თამამად შეგვიძლია შევადაროთ სუპერქარებს.

აჩქარებას რაც შეეხება, 0-დან 100 კმ/სთ-მდე ამ ავტომობილს ოფიციალურად 3.5 წამი სჭირდება, თუმცა რეალურად ის უფრო ჩქარია. ამასთან, 100-დან 200 კმ/სთ-მდე ეს 4-კარიანი სედანი 6.4 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ს აღწევს, რაც ელექტრონულად განსაზღვრული ლიმიტია.

რადგან ტექნიკური მახასიათებლები ჩამოვთვალეთ და სამშობლოს წინაშე ვალიც მოვიხადეთ, შეგვიძლია განხილვის იმ ნაწილზე გადავიდეთ, რომელსაც, ალბათ, ყველაზე მეტად ელოდით, ანუ G90-ის რეალური შესაძლებლობების შეფასებაზე და, აი, ისიც:

ახალი M5 სახმელეთო ხომალდია, რომელიც დაფრინავს, ასფალტს შავი მაგიით ეჭიდება, ადგილიდან კატაპულტირდება და მომენტალურად ჩერდება. ის, რასაც M5 სარბოლო ტრასის მოსახვევში აკეთებს, ფიზიკის კანონების საწინააღმდეგოა, თუმცა როგორღაც რეალურია.

ეს 4-კარიანი ავტომობილი სპორტქარივით მოქნილი და კომპეტენტურია, თანაც არა ერთჯერადად, არამედ საათების განმავლობაში. გაგრილების სისტემა შესანიშნავად ართმევს თავს საქმეს; სამუხრუჭე სისტემა არაფრად აგდებს 200 კმ/სთ-დან ამ ზომის სედანის შეჩერებას და xDrive-ამძრაობა ყველა მოსახვევიდან მაქსიმალური სისწრაფით გამოსვლის საშუალებას იძლევა.

xDrive-თან დაკავშირებით ისიც უნდა ითქვას, რომ სტანდარტულ რეჟიმში M5 მატარებელს ჰგავს, რომლის რელსებიდან გადაგდება შეუძლებელია, რაც წვიმასა და თოვლში განსაკუთრებით გამოსადეგია. 4WD Sport რეჟიმში ავტომობილი უფრო ცოცხალი და სახალისო ხდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა აქსელერატორის სატერფულს გაუთამამდებით და 727 ცხენის ძალას უმეტესად უკანა თვლებზე მიმართავთ. აი, მაშინ, როცა გმირობისთვის მზად იქნებით, სტაბილურობის კონტროლის სისტემას (DSC) გათიშავთ, 2WD რეჟიმს გაააქტიურებთ და სიმძლავრის 100%-ს უკანა თვლებზე მიმართავთ, მიხვდებით, თუ რა საერთო აქვს ამ ავტომობილს ლეგენდარულ E39-თან, F90 CS-თან ან თუნდაც E60-თან. მართალია, G90 დრიფტისთვის შექმნილი არ არის, თუმცა ძალისმიერი მოცურებისთვის ამ ავტომობილს ყველაფერი აქვს, თუ თქვენ ამისი სურვილი გექნებათ.

ჰიბრიდულ სისტემას რაც შეეხება, ის M5-ს ახალ შესაძლებლობებს, მყისიერი რეაგირების უნარს და სტაბილურ სიმძლავრეს აძლევს. დაყოვნება, რომელიც ტურბირებულ ძრავას თან ახლავს, ახალ M5-ში თითქმის აღარ არსებობს. ასევე, გამქრალია სიჩქარის გადართვებს შორის დამახასიათებელი ჩავარდნა, რომელსაც ელექტრონული სისტემა სრულად აკომპენსირებს. რაც მთავარია, ელექტრონული სიმძლავრე ავტომობილს მყისიერად დაძვრის და დაბალი მაბრუნებელი მომენტიდან დაუყოვნებლივ აჩქარების საშუალებას აძლევს, რასაც ავტობანზე ან ქალაქში უფრო დააფასებთ, ვიდრე სარბოლო ტრასაზე. თავად ქალაქში გადაადგილებისას შეგიძლიათ სრულად ელექტრონული რეჟიმი აირჩიოთ და ზოგჯერ თქვენი სუპერსედანი სახლში დამუხტოთ ან ჰიბრიდული სისტემით საწვავი დაზოგოთ.

თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თან ახლავს წონა, რომელზედაც უკვე ყველამ ისაუბრა და მე ახალს მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ G90-ს სასწორზე არ დააყენებთ, მის სიმძიმეს სხვაგან ვერსად ვერ იგრძნობთ. მართალია, ის დიდი ზომის ავტომობილია, თუმცა ამ პროპორციებს თან ახლავს ტევადობა და კომფორტი, რომელიც ზედმეტი არასოდეს არ არის. წონაზე მეტად ავტომობილის სიგრძე მაწუხებს, რომელიც 5 მეტრს აჭარბებს და გადატვირთულ ქალაქში თავის ტკივილს წარმოადგენს.

აქვე, ყოველდღიურ ცხოვრებაზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ახალი M5 ისეთი კომფორტულია, როგორიც ეს ბიზნესკლასის ავტომობილს შეეფერება. საწარმოო მასალების ხარისხი მაღალია, ინტერიერი ერგონომიულად გამართულია, თუმცა მეტ ფიზიკურ ღილაკს ვისურვებდი. სავარძლების კომფორტი ცალკე აღნიშვნის ღირსია და მათ ხარისხს ყველაზე მეტად სწორედ სარბოლო ტრასაზე დააფასებთ.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით M5 ინოვაციურობის ფრონტის წინა ხაზზეა. ახალი iDrive სისტემა მარტივად გასაგები და მოსახერხებელია, თუმცა, დიზაინის თვალსაზრისით, თავად ცენტრალური ეკრანების ინტერიერში ინტეგრაცია M5 F90-ში უფრო ბუნებრივი მეჩვენება, ვიდრე G90-ში.

გარეგნულად ახალი M5 სერიოზული, სპორტული და კომპეტენტურია. ის იმ მებრძოლს ჰგავს, რომელსაც გამარჯვებები და მიღწევები სხეულზე ეტყობა. შეუძლებელია, ამ ავტომობილს შეხედო და მის მიმართ მოწიწებით არ აღივსო, ანუ თუ დრაგზე მის გვერდით დგახარ — შიშით.

მიხარია, რომ ახალ M5-თან დაკავშირებით მარტო არ ვარ და ლეგენდარული ავტოჟურნალისტი და Top Gear-ის ყოფილი წამყვანი, კრის ჰარისიც ასევე დადებითად ფიქრობს მასზე. როგორც მან რუსთავის ავტოდრომზე ყოფნისას თქვა, ახალი M5 ექსტრემალური შესაძლებლობების მქონე მანქანაა, რომელიც სპეციფიკურ, გემოვნებიან მომხმარებელზეა გათვლილი.

ბოლოს კი დასკვნის სახით გეტყვით, რომ გერმანელმა ინჟინრებმა როგორღაც მოახერხეს და შექმნეს კომფორტული, საოჯახო სედანი, რომელიც სუპერქარივით დადის, სარბოლო ტრასაზე თავს კომფორტულად გრძნობს და ტექნოლოგიური არსენალით კბილებამდეა შეიარაღებული.

ყველაფერი, რასაც ახალი M5 აკეთებს, ფიზიკის კანონების საწინააღმდეგო და დაუჯერებელია — ის ისე იჭერს კუთხეს, უხვევს, ჩქარდება და ჩერდება, როგორც ამას ადრე მხოლოდ ვირტუალური მანქანა ახერხებდა კომპიუტერულ თამაშში.

* მოცემული განხილვა წარმოადგენს ავტორის, გიორგი თოლორდავას პირად, დამოუკიდებელ მოსაზრებას და ის არ გამოხატავს არცერთი მხარის სარედაქციო პოლიტიკას ან პრეფერენციას.

ფოტოგრაფი: რეზი ყენია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები