ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებმა სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ არსებული დავალიანებები დაფარვა ეტაპობრივად დაიწყეს, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მცირე მაღაზიები იმ ინტენსივობით აღარ იკეტებიან, როგორც ადრე და დღეს რიტეილ სექტორსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის კომუნიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„პანდემიის ფონზე ჩვენ უფრო მძიმე შედეგების მოლოდინი გვქონდა, მაგრამ შედარება არ არის. იმ მომენტისთვის ჰორეკა სექტორის საერთო დავალიანება სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ 21 მლნ-მდე იყო, მაგრამ ეტაპობრივად ასოციაციის წევრი კომპანიების დახმარებით ამ ვალდებულების გადახდა დაიწყეს. აღდგენაში ეს ძალიან დაეხმარა სასტუმროებსა თუ რესტორნებს, რადგან მისცეს კვლავ საშუალებას საკონსიგნაციო პირობებით გაეგრძელებინათ ძველი დავალიანებაც დაეფარათ და ახალიც გაესტუმრებინათ. ასე რომ აქტიურად ვართ ჩართულები.
დღეს, თამაშის წესები დადებითი კუთხით წარიმართა, იმ მხრივ, რომ მაგიდასთან ვსხედვართ და პრობლემებზე ვსაუბრობთ, შესაბამისად დღეს საკითხი ისე მწვავედ არ დგას. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, იმისთვის, რომ თუ რაიმე პრობლემა არსებობს დროულად აღმოვფხვრათ“, - ამბობს ივა ჭყონია.




























