არ მაქვს უფლება თუნდაც სანქცირებული კლიენტის ტრანზაქციებზე ვისაუბრო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა - კომერციული ბანკები ამ შემთხვევას ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა - "ხომ არ აქვს ინფორმაცია ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის თაობაზე".
როგორც ნათია თურნავამ თქვა, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს.
„სანქციის მოტივი იყო ისეთი ჟღერადი, რომ ძალიან დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩვენ არაფერი გადაწყვეტილება არ გვქონდა მიღებული და ბანკებმა ავტომატურად გაავრცელებს შემზღუდავი ზომები და უკვე დაიწყეს სხვადასხვა პოლიტიკოსმა სხვადასხვა ეჭვის გამოთქმა.
ეროვნულ ბანკში სხვადასხვა დეპუტატის მომართვები დამიგროვდა უკვე მაშინ, რომ „თქვენ კი ამბობთ, რომ სანქცირებული არის, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ მან თანხა გაიტანა, სადღაც გადაიტანა, რაღაცა მოხდა“. მერე როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, მეორე ტალღა წამოვიდა - „აჰა, თქვენ იმიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არის ოთარ ფარცხალაძე“.
პირდაპირ ვიტყვი, ჩვენი გადაწყვეტილება არის ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული. არ მაინტერესებს და არც უნდა გვაინტერესებს არც ერთი სახელი და გვარი. ოთარ ფარცხალაძე იქნება ხვალ ამ გადაწყვეტილების არეალში თუ არ იქნება, როცა ბოლო-ბოლო გადაწყდება მისი მოქალაქეობის მრავალტანჯული საკითხი... აქედან გამომდინარე ჩვენ არასდროს ვართ ორიენტირებული მოქალაქის სახელსა და გვარზე.
საბანკო კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე, თუნდაც სანქცირებულ კლიენტი, საჯარო ეთერში რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი - მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას.
ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია. გამგები გაიგებს. ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა. არ შემიძლია დაკონკრეტება, იმიტომ რომ ეს არის საბანკო კონფიდენციალურობა და კლიენტის კონფიდენციალურობა. მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს და რაიმე რისკი არ დამდგარა.
რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას - მართალია, პირველი შემთხვევა იყო ოთარ ფარცხალაძე და ამიტომ მიება თითქოს აღქმაში ეს საკითხები, მაგრამ მერწმუნეთ, ოთარ ფარცხალაძის საკითხი გადავა და სწორი რეგულაცია დარჩება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.