გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ის ტექნოლოგიაა, რომელიც გავლენას ყველა სფეროზე ახდენს, ფინანსებით დაწყებული, ინფლუენსერობით დამთავრებული და, როგორც ჩანს, გამონაკლისი არც ხელოვნებაა, რომელიც წმინდა ადამიანურ საქმიანობად ითვლება. დღეს, AI-მოდელებს ხელოვანები იყენებენ, როგორც შთაგონების მისაღებად, ასევე ფერწერული ტილოს თუ მუსიკალური კომპოზიციის კონკრეტული ელემენტების შესაქმნელად, მაგრამ ყველაზე საინტერესო გამოყენება ხელოვნურ ინტელექტს ანტრეპრენიორმა, საიმონ ჰადსონმა მოუძებნა.
კანადელი ბიზნესმენი დეცენტრალიზებული ორგანიზაციის, BottoDAO-ს ოპერატორია, ხოლო თავად ეს ორგანიზაცია Botto-ს სახელით ცნობილი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მფლობელია. Botto ხელოვნური ინტელექტია, რომლის დანიშნულება — ხატვაა. როგორც ჩანს, AI-მოდელს ეს კარგად გამოსდის, რადგან 2021 წლის შემდეგ, მან 150-მდე ტილო შექმნა, რომლებიც, ჯამში, სხვადასხვა აუქციონზე $5 მილიონზე მეტად გაიყიდა. Botto, მართალია, ნამუშევრებს თავად ქმნის, მაგრამ ამ პროცესს საიმონ ჰადსონი და DAO-ს სხვა წევრები კურირებენ.
DAO ბლოკჩეინზე არსებული დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციაა, რომელიც მისი შემქმნელების, მეწილეებისა და კომუნის წევრების მიერ წინასწარ შეთანხმებული ჭკვიანი კონტრაქტებით იმართება, რაც მას ეფექტურ და თვითმყოფად სისტემად აქცევს. DAO დეცენტრალიზებულია, რადგან გადაწყვეტილებებს იღებენ არა მენეჯერები, არამედ კომუნის წევრები, რომლებიც ორგანიზაციის მეწილეებიც არიან. ამასთან, DAO ავტონომიურიცაა, რადგან თვითაღსრულებადი ჭკვიანი კონტრაქტებით იმართება, რაც კომუნის წევრების კონკრეტულ ჯგუფს არაპროპორციული ძალის გამოყენებას უშლის.
როგორც BottoDAO-ში ამბობენ AI-მოდელი ისეთნაირ ალგორითმს ეფუძნება, რომ ხატვა საშემსრულებლო სტილთან დაკავშირებული ყოველგვარი მითითების გარეშე შეუძლია, რაც მას სრულ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს. ყოველ კვირა Botto 70,000 ნახატს აგენერირებს, რომელთაგან საუკეთესო 350 ნახატს არჩევს და BottoDAO-ს 5,000-მდე წევრს განსახილველად უგზავნის. აი, სწორედ ეს ადამიანები არჩევენ იმ სურათებს, რომლებიც, მოგვიანებით, სხვადასხვა აუქციონზე, მათ შორის Sotheby’s-ზე იყიდება. სურათის გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილს DAO-ს წევრები იღებენ, ნაწილი კი — ორგანიზაციის ხაზინაში ირიცხება.
როგორც საიმონ ჰადსონი ამბობს, AI-ის მიერ შექმნილ ციფრულ ნახატებზე მოთხოვნა წლებთან ერთად იზრდება, რაც ფასებზეც აისახება. Botto-ს შემოქმედებას შორის ყველაზე ძვირად ფასობს ტილო, სახელწოდებით Asymmetrical Liberation, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში 100 ეთერად გაიყიდა, რაც იმ დროს $440,000-ის ტოლი იყო. მიმდინარე წლის ოქტომბერში, Botto-ს ნამუშევრები Sotheby’s-ის აუქციონზეც გაიყიდა — ამ შემთხვევაში, ექვსი ლოტის ჯამურმა ფასმა $351,600 შეადგინა.