ბათუმში, სასტუმრო “რუმსში” საქართველოს ტურიზმის სამიტი გაიმართა. „ტურისტერმა“ თავი მოუყარა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და მათ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები, გლობალური და ადგილობრივი ტენდენციები გააცნო.
შეხვედრებში, ვორკშოპებსა თუ სემინარებში ათობით სპიკერი მონაწილეობდა როგორც გლობალური ბრენდებიდან, ისე ადგილობრივი კომპანიებიდან. ამ სტატიაში კი გიამბობთ რამდენიმე მონაწილეზე, რომელთა პრეზენტაცია ბიზნესის არაერთი წარმომადგენლისთვის შთამაგონებელი იყო
AirDNA
ტურიზმის სამიტს ჯეიმს კინერსლი - AirDNA-ს გაყიდვების დირექტორი და უძრავი ქონების მართვის მენეჯერი ეწვია. ჯეიმსი AirDNA-ში შვიდ წელზე მეტია მუშაობს. ამ პერიოდში მან უძრავი ქონების გაქირავების სფეროში დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა.
მისი გამოსვლა საქართველოს უძრავი ქონების მოკლევადიანი გაქირავების მონაცემების ანალიზს, არსებულ ტრენდებსა და წარმატების სტრატეგიებს შეეხებოდა.
AirDNA საერთაშორისო დონის მონაცემთა ანალიტიკის კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების მოკლევადიანი გაქირავების ბაზარზე არსებული მონაცემების ანალიზს აკეთებს, მათ შორის - ისეთი პლატფორმების შესახებ, როგორიცაა Airbnb-ი და Vrbo.
2007 წლიდან მოყოლებული დღემდე, Airbnb-ზე მსოფლიო მასშტაბით 5 მილიონზე მეტმა მასპინძელმა 2 მილიარდზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.
„რას გვეუბნება Airbnb-ის ეს გლობალური მონაცემები საქართველოს ტურიზმის ბაზარზე? როგორ შეიძლება ქალაქებმა და ბიზნესებმა აღნიშნული მონაცემები გამოიყენონ სწორი პოზიციონირებისთვის, ინფორმირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის, მდგრადი განვითარებისთვის?“ - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა AirDNA-ის გაყიდვების დირექტორმა, ჯეიმს კინერსლიმ.
Booking.com
მარინა ბეგლეცოვა Booking.com-ის აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის მენეჯერია რუმინეთის ოფისიდან. იგი ზედამხედველობს რუმინეთის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის ბაზრებს - ქვეყნებს, სადაც Booking.com ადგილობრივი პარტნიორებისთვის კომერციულ მხარდაჭერას ახორციელებს.
მისი საუბრის თემა იყო "მოგზაურობის ტრენდები და სამომავლო პერსპექტივები."
საგულისხმოა, რომ სასტუმროს დაჯავშნის ნომერ პირველ პლატფორმაზე მსოფლიოში, Booking.com-ზე, 28 მილიონი განთავსების ადგილია რეგისტრირებული. პლატფორმის დახმარებით კი განთავსების ობიექტებს დღემდე 4.5 მილიარდი სტუმარი ჰყავთ მიღებული.
სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა Booking.com-ის აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის მენეჯერმა. მან დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო თუ როგორ იყენებს Booking.com-ი ხელოვნურ ინტელექტს სტუმრის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ტურიზმში მდგრადი პრაქტიკის დასანერგად.
Exely
Exely-ის მომხმარებელთა წარმატების მენეჯერმა, ლევან ლეშკაშელმა, ჰოტელიერებს გააცნო მსოფლიოში არსებულ ტრენდები, რომლებიც სასტუმროებს მეტი პირდაპირი ჯავშნის მოზიდვასა და მოგებიანობის ზრდაში ეხმარება.
Exely სტუმარმასპინძლობის სფეროზე ორიენტირებული საერთაშორისო IT კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 60 ქვეყანაში 5000-ზე მეტ სასტუმროს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. 2024 წლის განმავლობაში Exely-ს მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებმა 2.2 მილიონზე მეტი ჯავშანი მიიღეს და საკომისიოების სახით ჯამში $43 მილიონზე მეტი დაზოგეს.
კომპანია ჰოტელიერებს ეხმარება, შეამცირონ დამოკიდებულება OTA არხებზე, მოახდინონ ფასების განაწილების ოპტიმიზაცია, შეამცირონ ხარჯები, გაზარდონ პირდაპირი ჯავშნები და გააუმჯობესონ სამომხმარებლო გამოცდილება. Exely-ს მომსახურება მოიცავს ცნობადობის ზრდას, სასტუმროს დატვირთულობის, რეპუტაციის და შემოსავლის ანალიზსა და მართვას, რასაც გაყიდვების ზრდამდე მივყავართ.
გარდა პრეზენტაციისა, Exely-ის ჩართულობით ჩატარდა ვორკშოპი, სადაც სასტუმროს წარმომადგენლები გაყიდვების მართვის ეფექტურ გზებს გაეცნენ.
Amadeus
ივან პოლტორაცკი Amadeus-ის უფროსი მენეჯერია. მას მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდებთან თანამშრომლობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სტრატეგიის, კომუნიკაციების და ბრენდების მენეჯმენტის კუთხით.
Amadeus საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. 2023 წელს Amadeus-ის გამოყენებით ტურისტულმა სააგენტოებმა 450 მილიონი თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნეს, ხოლო 1 952 000 000 ადამიანმა ჩასხდომაზე რეგისტრაცია გაიარა.
სპიკერმა სამიტზე ისაუბრა, თუ როგორი მოთხოვნაა საქართველოსა და რეგიონში მოგზაურობაზე გლობალური ბაზრებიდან.
კონკრეტულად, მან დამსწეებს გაუზიარა შემდეგი 4-6 თვის განმავლობაში, საქართველოში მოსალოდნელი ფრენების რაოდენობა. ასევე, ძიების ტენდენციები შემდეგი 12 თვის განმავლობაში, მოგზაურთა ქცევა და ტურისტული სააგენტოების სფეროში არსებული მდგომარეობა.
სპიკერებს შორის იყვნენ გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, თათია მამრიკიშვილი, რომელმაც 2024-2025 წლის ტურიზმის მიმოხილვა წარადგინა. გალტ & თაგარტის ასოცირებულმა მკლევარმა, ზურაბ თავყელიშვილმა კი მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „უძრავი ქონება და სტუმარმასპინძლობა“. ასევე, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების Owner-მა, თორნიკე სამადაშვილმა საქართველოს შიდა ტურიზმის ტრენდები და Ads მენეჯერის შესაძლებლობები მოიხილა.
ინფორმაციისთვის, ტურისტერი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ამჯერად ტურიზმის მედეგობის საკითხებს დაეთმო. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი, ხოლო სპონსორები - Hotel Colosseum Marina, GURU Holding, Exely.




























