თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს მართვის უფლება 2031 წლამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობის პერსპექტივას.
მისი თქმით, არსებული აეროპორტის მოდერნიზაცია ხანგრძლივი პროცესია და არა ლოგიკურია ინვესტორი ინვესტიციას ახორციელებდეს არსებული აეროპორტის განვითარებაში თუ მისი ბედი ვაზიანის აეროპორტთან მიმართებით ბუნდოვანია. იასე ზაუტაშვილი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ვაზიანის აეროპორტის პროექტი არ განხორციელდება.
“ალბათ ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე უშუალოდ კომპანიისთვის კონტრაქტის, ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვისაუბრებდით, მანამდე გარკვეული შეფასება უნდა გაკეთებულიყო ყოველ შემთხვევაში მათი მრავალწლიანი საქმიანობისა ჩვენს ქვეყანაში: რამდენად კმაყოფილია თუ უკმაყოფილო საზოგადოება, სექტორი უშუალოდ, რამდენად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს ის ტერმინალები, რომელიც მათ ააშენეს, ის მომსახურება, რომელსაც ისინი ტერმინალის შიგნით თუ ასაფრენ ბილიკზე თუ სხვაგან უწევენ ავიაკომპანიებს და ასე შემდეგ.
გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მათ გაუგრძელონ ხელშეკრულება 5 წლის ვადით. ნიშანდობლივი არის ის, რომ ამ ხელშეკრულების გაგრძელების ერთ-ერთი პირობა იქნება მათივე თქმით, 150 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, რაც გულისხმობს ტერმინალის გაფართოებას, ბაქნის მოდერნიზებას, შიდა სერვისების და პროცესების, განვითარებას და მგზავრთნაკადის გამტარიანობის გაზრდას.
რაც თავისთავად პასუხს სცემს იმ შეკითხვას - გვექნება თუ არა უახლოეს მომავალში ახალი აეროპორტი და ალბათ არ იქნება. ჩემი აზრით, არანაირი ახალი ვაზიანის აეროპორტი არ იქნება, იმიტომ რომ ამის მოდერნიზებას ერთი და ორი თვე არ ეყოფა და როდესაც 150 მილიონ დოლარს ინვესტორი ხარჯავს შენს ქვეყანაში, გამორიცხულია, რომ 3-4 წელიწადში მას ამ აეროპორტის დატოვება მოუწიოს, ასევე 15 კილომეტრში ახალი თანამედროვე აეროპორტი შენდებოდეს და იქ არ იყოს გარკვეული მისი ბედი- მიიღებს თუ არა საერთოდ მონაწილეობას ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა-მოდერნიზებაში”, - ამბობს ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი.




























