2021 წელს საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ოფიციალური მონაცემებით, აპრილში ქვეყანაში 44.8%-იანი, მაისში კი - 25.8%-იანი ზრდა იყო. მთლიანობაში იანვარ-აპრილში ქვეყნის ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 11.5%-ით გაიზარდა.
ასეთ მაღალ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ე.წ. “საბაზო ეფექტმა”. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ წლევანდელი რეალური ეკონომიკური ზრდა დარდება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 2020 წლის პირველ 5 თვეში კი ქვეყანაში ზრდის ნაცვლად 5.4%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო.
რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კალკულაციით გამოდის, რომ 2021 წლის პირველ 5 თვეში საქართველოს მშპ-ის ზომა არამხოლოდ - 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან შედარებითაც გაზრდილია და ეს მატება 6.1%-ს შეადგენს.
შესაძლოა, მომავალში ეს მაჩვენებელი უფრო დაზუსტდეს, რადგანაც საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში წინასწარია დაზუსტებული ანგარიში 2021 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც მიღებული 11.5%-იანი ზრდა შეიძლება შეამციროს არის დეფლატორის და კონკრეტული სექტორების ბრუნვის მაჩვენებელის დაზუსტება. ამასთანავე, უფრო დეტალური ანგარიში იმის შესახებ თუ რომელი სექტორები განაპირობებენ ახლა ეკონომიკის ასეთ მაღალ ზრდას, მხოლოდ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.
თუმცა ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ფაქტი უცვლელი დარჩება, რომ მუდმივ ფასებში გაზომილი ეკონომიკის მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს.
ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა. საკუთარ პროგნოზს გადახედა მსოფლიო ბანკმაც და ის 6%-მდე გაზარდა.




























