მთავრობა მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მომზადებული კანონპროექტით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ორმაგდება. „მიკროკრედიტის არსებული ლიმიტი ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორია სექტორის განვითარებისთვის, რადგან ფერხდება ახალი პროდუქტების შემუშავების შესაძლებლობა და რთულდება არსებული მსესხებლების შენარჩუნება“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი “საქმის კურსთან” სტუმრობისას ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება დროული და საჭირო იყო. მისი შეფასებით, ცვლილება სექტორში გაზრდის კონკურენციას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გაფართოვდება ოპერირების არეალი.
ნინო დევდარიანი ამბობს, რომ მიკროკრედიტების ლიმიტი წლებია არ გაზრდილა, არადა გაიზარდა რეგულირების არეალი, რომლის ქვეშაც ბაზრის მოთამაშეები მოექცნენ, რის გამოც ცვლილებების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.
“ეს ძალიან დროული და საჭირო ცვლილებაა ბაზარზე და სრულიად ვეთანხმებით საკანონმდებლო განმარტებას კანონთან მიმართებით. ეს ხელს შეუწყობს არსებული მომხმარებლების შენარჩუნებას სექტორში, ახალი პროდუქტების განვითარებას და მათ შორის კონკურენციის ზრდასაც. ვფიქრობ, ცვლილებებით უფრო მეტი არეალი მიეცემათ მიკროსაფინანსო ბაზრის მოთამაშეებს ბაზარზე ოპერირებისთვის“, - განაცხადა დევდარიანმა.
მისივე თქმით, ცვლილება დროული და საჭიროა, რადგან ბოლოს ამ მიმართულებით, ცვლილება 2018 წელს განხორციელდა.
„2018 წლის შემდეგ ძალიან ვრცელი რეგულაციების ტალღა შეეხო მიკროსაფინანსო სეგმენტს, რამაც შედეგად მოგვიტანა ის, რომ დღეს გვაქვს ბევრად უფრო ჯანსაღი, გამჭვირვალე მიკროსაფინანსო სექტორი, რომლის მიმართაც ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო მაღალი ნდობის გამოცხადება შეიძლება, ისევე, როგორც მეტი საოპერირო არეალის მიცემა” - ამბობს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.
კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა აღნიშნული ცვლილებები, მათ შორის მიკროკრედიტებზე დამატებითი მოთხოვნების შემოღებას, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობს. თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, ამ მიმართულებით სექტორი ახალ რეგულაციებს უნდა ელოდოს. ამავე დროს, დევდარიანის თქმით, ბაზარზე მზაობა არსებობს.
„ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს დამატებითი რეგულირები, იგივე კონცეტრაციის ლიმიტებთან მიმართებით. რაც ვფიქრობთ, რომ ლოგიკური და ადეკვატურია“, - თქვა მან.