პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდ გაბარიტიანი M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის პიკის საათებში გადაადგილებას ზღუდავს. შესაბამისად, შეზღუდვა ასევე შეეხებათ სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებსაც.
რამდენად შეაფერხებს ეს პროცესი სავაჭრო ობიექტების მომარაგებას - ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში "რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე” სოფიო ქაშაკაშვილი საუბრობს. მისი თქმით, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურმა კანონპროექტზე მუშაობისას კერძო სექტორის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.
“ჩვენ შევხვდით მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და ყველა ის აქტუალური პრობლემა დავუსახელეთ, რაც შეიძლება, ამ რეგულაციამ გამოიწვიოს. სამწუხაროდ, ჩვენი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს.
მიღებული რეგულაციით, პირველ რიგში, ისევ მომხმარებელი დაზარალდება, რადგან პიკის საათებში მაღაზიების პროდუქტებით მომარაგება გაჭირდება და, შესაძლოა, გარკვეული ობიექტები დღის განმავლობაში სრულად მომარაგების გარეშე დარჩნენ, რადგან სადისტრიბუციო მანქანები მუშაობას 11 საათიდან დაიწყებენ”, - ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი.
მისი განმარტებით, სადისტრიბუციო კომპანიებს პროდუქტის დარიგებისათვის 11:00-დან 17:00- საათამდე შუალედი რჩებათ, რაც საკმარისი არ არის.
“თუ სადისტრიბუციო ტრანსპორტი ადგილიდან 11:00-ზე დაიძვრება, დანიშნულების პუნქტამდე 12:00-ზე მივა და მუშაობის დასრულება 16:00 საათზე მოუწევს, რათა შეზღუდვის დროს გაასწროს. შესაბამისად, თუ ამ დრომდე მათ სტანდარტული, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდათ, ახლა პროდუქტის დარიგების დრო 5 საათამდე მცირდება.
სამუშაო საათების შემცირება კი ანაზღაურების ცვლილებასთანაცაა დაკავშირებული. თუ ის იგივე დარჩება, ეს წნეხად დააწვება ბიზნესს, მაგრამ თუ შემცირდა, კადრების შენარჩუნების პრობლემა გაჩნდება. გამოსავალი არც ღამის დისტრიბუციაშია, რადგან რითეილ სექტორში ბევრი 24-საათიანი მაღაზია არ გვაქვს - მაღაზიებს პროდუქციის ჩასაბარებლად დამატებითი კადრების აყვანა დასჭირდებათ, რაც ასევე გაზრდის მათ საოპერაციო ხარჯებს”, - ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი.
ასოციაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საოპერაციო ხარჯების ზრდას პროდუქტებზე ფასების ზრდამდე მივყავართ.
“თუ გაიზარდა საოპერაციო ხარჯები, საბოლოოდ ეს სამწუხაროდ პროდუქციის ფასებზეც აისახება. იმედი გვაქვს, კონსულტაციები გაგრძელდება და თბილისის მერია გაითვალისწინებს სექტორის რეკომენდაციებს, რადგან, თავი რომ დავანებოთ პროდუქტზე ფასის ზრდას, შესაძლოა, გარკვეული პროდუქციით თაროები დღის განმავლობაში საერთოდ ვერ შეივსოს”, - ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი.
ცნობისთვის, დიდი გაბარიტების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შეზღუდვები 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს და რეგულაცია 1 იანვრიდან ამოქმედდება. წესის დარღვევის შემთხვევაში პირველი ჯარიმა 1 000 ლარი, განმეორებითი კი - 3 000 ლარი იქნება. სექტორი თბილისის მერიისგან დილის საათებში დისტრიბუციის მანქანებისთვის შეზღუდვის მოხსნას იმედოვნებს.