იურიდიული ფირმა BLC low-ს მმართველი პარტნიორის ქეთი ქვარცხავას შეფასებით, ბოლო წლებში ეკონომიკის ორნიშნა ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ მიაჩნია, რომ ზრდის მაღალი ტემპი საგარეო პოლიტიკური ფაქტორებითაა.
„ძალიან მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკა ჩვენი დამსახურებით გაიზარდა, მაგრამ ასე არაა - არც გარე ეკონომიკური ფაქტორების დამსახურებაა; ეს არის გარე პოლიტიკური ფაქტორების დამსახურება" - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გარე ფაქტორებს, რომელმაც ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, შიდა ფაქტორებიც დაემატოს.
„ჩვენ გვინდა და გვჭირდება თვითონვე გამოვიწვიოთ მაღალი ზრდა - ვიყოთ ეკონომიკის ზრდის ძრავი და არა - გარე ფაქტორებიდან გამომდინარე გაიზარდოს ჩვენი მშპ“, - თქვა იურიდიული ფირმა BLC low-ს მმართველმა პარტნიორმა „წერტილში“ სადაც პოტენციური ინვესტორების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვებსა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის საჭირო რეფორმებზეც ისაუბრა.
- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქვეყნის ვექტორი; ინვესტორებსაც უჩნდებათ კითხვები - გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი?! აბა, მე რა ვიცი?!
- ესაა თქვენი პასუხი?
- ნეტა, [ზუსტად] ვიცოდე, საქართველო გახდება თუ არა EU-ის წევრი. ინვესტორების მხრიდან მეორე კითხვა, რომელზედაც ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა, არის - „რამდენად დაცულია ჩემი ინვესტიცია?“ ასევე, აინტერესებთ, როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა? როგორ მუშაობს არბიტრაჟი? ასე თუ ისე, არბიტრაჟს ვენდობით, რადგან შეგვიძლია არბიტრი ჩვენ თვითონ შევარჩიოთ და თუ ამ პროცესში საქმე კარგად ვერ წავა, ჩვენ თავს დავაბრალოთ, მაგრამ შემდეგ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არის სასამართლოს ხელში - უნდა მოხდეს მისი დადასტურება და აღსრულება. ბოლო პერიოდში, ეს პროცესი ძალიან შეყოვნებულია, რაც ასევე, პრობლემურია. თავად სასამართლო სისტემა მოგეხსენებათ, რეფორმას საჭიროებს, ოღონდ ნამდვილს და ძალიან სერიოზულს, რათა სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყდეს ბიზნესდავები. მხოლოდ სამართლიანობა არაა საკმარისი - სისწრაფე მნიშვნელოვანია, რადგან დაგვიანებული სამართალი სამართალი არ არის. [ინვესტორების კითხვები შეეხება] ასევე ტრანსპორტირების და ლოგისტიკის საკითხებს. მოკლედ, ძალიან ბევრი გამოწვევაა დაგროვილი, რაზედაც რთულია ჩვენი მხრიდან პასუხის გაცემა... რა თქმა უნდა, როდესაც ინვესტორი საქართველოზე აპირებს არჩევანის გაკეთებას, ჩვენი, როგორც ქართველების ბუნებრივი მოთხოვნილებაა, დადებითი გადაწყვეტილება
აღსანიშნავია, რომ წელს, იურიდიული ფირმა BLC low უზბეკეთის ბაზარზე შევიდა და ქეთი ქვარცხავამ „წერტილთან“ ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის გარკვეული პარალელებიც გაავლო. მისი თქმით, საქართველოში არსებული გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაცია არათუ უცხოური ინვესტიციებისთვის, არამედ ადგილობრივი ბიზნესებისთვისაც მიმზიდველ კლიმატს არ ქმნის, რაც ეკონომიკას ეტყობა.
„ეკონომიკას აქვს თავისი მამოძრავებელი ელემენტები; როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახალი ინვესტიციის მოზიდვა გვინდა, ამისთვის გვჭირდება ახალი განაცხადის გაკეთებაც ანუ რატომ უნდა მოვიდეს შენთან ინვესტორი. როცა უზბეკეთის მაგალითზე ვსაუბრობთ, [სადაც BLC-მ ოფისი გახსნა], იქ გამოყოფილია რიგი პრიორიტეტული დარგები და ამ მიმართულებით მიდის რეფორმები, რათა ხელი შეუწყონ ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენც გვჭირდება, გამოვყოთ წამყვანი მიმართულებები და ვთქვათ, რომ ამ დარგებს ექნება სახელმწიფოს ხელშეწყობა, განხორციელდება რეფორმები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში პოზიტიურ სიგნალს გავაგზავნით ეკონომიკის აქტორებისთვის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეკონომიკა დაიძრას. სამწუხაროდ, ეს სიგნალი არ ჩანს.
ამდენად, ძალიან მარტივი ახსნა აქვს ეკონომიკის ზრდის ტენდენციას, რაც ბოლო წლებში გვაქვს - ჩვენ ბუნებრივად ვისარგებლეთ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობით, როცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ქვეყნებს მიწოდების პრობლემა შეექმნათ; ქვეყნებმა დაიწყეს მიწოდების ახალი არხების მოძიება და ეს არხი აღმოჩნდა საქართველო, რითაც გაიზარდა ეკონომიკა“, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ, რომელიც არაა ერთადერთი, ვისაც მიაჩნია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი სწორედ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე „დადებითი შოკია“, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.




























