მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახდება თუ არა თუშეთში კარვით დაბანაკება ფასიანი? - თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მუშაობას ზამთარში დაიწყებს

თუშეთი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თუშეთში ბუნებაში დაბანაკება და ღამის თევა ფასიანი უნდა გახდეს.

BM.GE აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლადო კახოიძემ განმარტა, პროექტი ჯერ არ არსებობს, ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, აქტიური სამუშაო პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც თუშეთის ტურისტული სეზონი დასრულდება.

„პროექტზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. ველოდებით თუშეთის სეზონის დასასრულს - დაახლოებით ერთი თვე რჩება. ზამთარში უკვე გვექნება დრო, რომ სხვადასხვა დონორებთან ერთად იდეა დავამუშაოთ. კავკასიის ბუნების ფონდი, GIZ და სხვა პარტნიორები დაინტერესებულები არიან ამ საკითხით და მზად არიან მხარი დაგვიჭირონ“, - აცხადებს ლადო კახოიძე.

მისივე თქმით, ტურისტული ნაკადების უკონტროლო ზრდამ გარემოზე მნიშვნელოვანი ზეწოლა გამოიწვია. კახოიძის შეფასებით, წელს თუშეთში არაორგანიზებული დაბანაკება უკიდურესად გააქტიურდა და ვიზიტორების ნაწილის მხრიდან უპასუხისმგებლო ქცევამ უნიკალურ ეკოსისტემას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

„მე თვითონ თუშეთში ვარ გაზრდილი და 2013 წლიდან ამ სისტემაში ვმუშაობ, მაგრამ წელს რაც ხდებოდა, მსგავსი რამ არ მახსოვს. დაცული ლანდშაფტის ფარგლებში, ტყეში უზარმაზარი რაოდენობით იყვნენ ტურისტები გაბნეულები და ყველაფერი დანაგვიანებული იყო. წარმოიდგინეთ, რომ ტყე პრაქტიკულად ტუალეტად იყო ქცეული. იქ, სადაც მკაცრი დაცვის ზონებია, სადაც ნიამორის ჰაბიტატია... რაღა ბუნებაზეა ლაპარაკი? ზუსტად ამ სტუმრებმა, მაშინ როდესაც თუშეთში ხანძარი იყო, სიცხეში ტყეში ანთებული კოცონიც კი დაგვიტოვა“, - აღნიშნა მან.

კახოიძის თქმით, დაბინძურებისა და ეკოსისტემის დაზიანების პრევენციის მიზნით, აუცილებელია მოწესრიგებული და დასაშვები საბანაკე ზონების შექმნა, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მომსახურება დასჭირდება. ამასთან, ადმინისტრაცია განიხილავს ისეთი გადასახადის მოდელს, რომელიც არ შევა საოჯახო სასტუმროებთან კონკურენციაში.

„მოწესრიგებული ტუალეტები არ გვაქვს, ამას ბუნებრივია სჭირდება სერვისის გაწევა, ადამიანების აყვანა და ეს ყველაფერი უფასოდ ვერ მოხდება. ამას მოჰყვება ორგანიზებული სივრცეები, ნარჩენების გატანა, ზედამხედველობა - რაც მართლა სჭირდება თუშეთს. თუმცა, ფასები გონივრული უნდა იყოს და არ უნდა შევიდეს ადგილობრივ ბიზნესთან კონკურენციაში“, - განმარტავს კახოიძე.

ადმინისტრაციის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა თუშეთის დაცული ლანდშაფტის მდგრად განვითარებას, ეკოსისტემის დაცვას და ტურისტული აქტივობების უკეთ ორგანიზებას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები